რატომ გახდა საჭირო მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი პატარიძის განმარტება
სამართალი

გიორგი პატარიძე
ფოტო: პენიტენციური სამსახური
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა საჭირო მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა.
როგორც პატარიძემ აღნიშნა, მსჯავრდებულის დეესკალაციაში გადაყვანას წინ ახლდა გარკვეული ფაქტები და საფუძვლები.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეულობით პატიმარი ჩართულია სხვადასხვა აქტივობაში. ისინი დასაქმებულები არიან პენიტენციურ სხვადასხვა დაწესებულებაში. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ჩარიცხულია სამეურნეო ნაწილში, თავისი შრომის საზღაურს იღებს. როდესაც ის თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, არიგებდა საკვებს, მსჯავრდებულმა დავითაძემ უშვერი სიტყვებით, გინებითა და ცუდი ქმედებებით გამოხატა დიდი აგრესია მის მიმართ.
სარეჟიმო კონტროლის თანამშრომლები ამ პროცესში მყისვე ჩაერთნენ, მოუწოდეს დავითაძეს, რომ მსგავსი ქმედებები შეეწყვიტა. ასევე გააცნეს შესაბამისი დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება, რომ მას დაეკისრებოდა დისციპლინური სახდელი. ამაზე მსჯავრდებულ დავითაძეს ასევე ჰქონდა ძალიან დიდი აგრესია და უშვერი სიტყვებით მიმართა დაწესებულების თანამშრომლებს. სწორედ ეს გახდა საფუძველი დეესკალაციის ოთახში მისი გადაყვანისა, რაც, მერწმუნეთ, განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით“, - აღნიშნა გიორგი პატარიძემ.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სიცრუე უწოდა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს და გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის კადრებს ასახავს. მათივე განმარტებით, დავითაძემ კატეგორიულად თქვა უარი შემოწმება-დათვალიერებაზე, რის შემდეგაც დაწესებულების თანამშრომლებმა, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, ელექტროდეტექტორის გამოყენებით, იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს.
საქმეზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.





