ვახტანგ ქიზიყურაშვილი ევრობიუროკრატებზე: დღევანდელ გარკვეულ ელიტებს უკან დასახევი გზაც არ გააჩნიათ. ისინი ახალს ვერაფერს სთავაზობენ საკუთარ მოსახლეობას
პოლიტიკა

ვახტანგ ქიზიყურაშვილი
ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
დღევანდელ გარკვეულ ელიტებს უკან დასახევი გზაც არ გააჩნიათ. ისინი ახალს ვერაფერს სთავაზობენ საკუთარ მოსახლეობას, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა ვახტანგ ქიზიყურაშვილმა ევრობიუროკატებთან დაკავშირებით.
მან განმარტა, რა შეიძლება იყოს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის შემობრუნების წერტილი. იგი არ გამორიცხავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ გარკვეულ სტრატეგიულ საკითხებზე ევროპასთან თანამშრომლობა შედგეს, კერძოდ, ლოგისტიკური ცენტრის შექმნით ენერგეტიკის სფეროსა და სხვა დარგებში.
მისივე თქმით, ის მმართველი ძალები, რომლებიც ევროპაში 2000-იანი წლებიდან მომძლავრდნენ, დღეს ძალიან დიდ მარცხს განიცდიან, რადგან მათი პროგრამის მიზანი მოსახლეობის სოციალური ყოფის უფრო მეტად გაუმჯობესება არ ყოფილა. ქიზიყურაშვილი აღნიშნავს, რომ მათი მმართველობის დროს ევროპაში პირიქით, სრული დეინდუსტრიალიზაცია მოხდა.
„მათ ჰქონდათ ორი მიმართულება - ე.წ. ულტრალიბერალური იდეოლოგია და ნატოს უსაზღვროდ გაფართოება, რამაც რუსეთთან კონფრონტაცია გამოიწვია. დღეს, როდესაც ისინი მიუტრიალდებიან საკუთარ მოსახლეობას, რით შეიძლება ახსნან ის, რომ დღეს ევროპა, როგორც არასდროს, ისე დადგა ომის საფრთხის წინაშე; რით უნდა აიხსნას ის, რომ ინფლაციამ ფაქტობრივად იმ დონეს მიაღწია, რომ ეს უკვე მოსახლეობას ჯიბეზე საკმაოდ მძიმედ აწევს; რით უნდა აიხსნას ის, რომ უკონტროლო მიგრაციის გამო, ისეთ დედაქალაქებში, როგორიც არის პარიზი, ლონდონი, რომლებიც სტაბილურობის სიმბოლოდ აღიქმებოდა, დღეს ადამიანებს გარკვეულ უბნებში გასვლა უჭირთ. სწორედ მცდარმა მიდგომამ განაპირობა ეს და ვხედავთ, რომ დღევანდელ გარკვეულ ელიტებს უკან დასახევი გზაც არ გააჩნიათ. ისინი ვერაფერ ახალს ვერ სთავაზობენ საკუთარ მოსახლეობას“, - განაცხადა ვახტანგ ქიზიყურაშვილმა და დასძინა, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყანის პოლიტიკურ მმართველობაში ახალი ძალები უკვე მოდიან.





