ვახტანგ ქიზიყურაშვილი დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართველოს არმიწვევაზე: ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ბოლო ხუთი წელია თვალს ვადევნებთ ბრიუსელისგან, როდესაც ისინი ნებისმიერი საშუალებით ცდილობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედება მოახდინონ
პოლიტიკა

ვახტანგ ქიზიყურაშვილი
ფოტო: IMEDI/ ვიდეოკადრი
ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ბოლო ხუთი წელია თვალს ვადევნებთ ბრიუსელისგან, როდესაც ისინი ნებისმიერი საშუალებით ცდილობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედება მოახდინონ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა ვახტანგ ქიზიყურაშვილმა დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართველოს უმაღლეს დონეზე არმიწვევასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ქართველი ხალხის თვალში კიდევ უფრო ცხადი ხდება, რა მიზნები ამოძრავებთ ქვეყნის მიმართ.
„ერთი მხრივ, ისინი ცდილობენ, რომ ჩინეთთან, რაც შეიძლება, მეტი ლოგისტიკური გზა განავითარონ, რადგან ვხედავთ, რომ რუსეთის გავლით გზა ბლოკირებულია, ირანი და მიმდებარე რეგიონიც პარალიზებულია და შესაბამისად, საქართველო რჩება ერთადერთ გზად, საიდანაც შეიძლება, რომ ამ ლოგისტიკურმა გზებმა გაიაროს“, - აღნიშნა ვახტანგ ქიზიყურაშვილმა.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა ასევე ილაპარაკა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე - არ დასწრებოდა აღნიშნულ მინისტერიალს.
„ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რადგან ნებისმიერი ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს საკუთარ ღირსებაზე. როდესაც ჩვენ ვხედავთ იმ უპატივცემულო დამოკიდებულებას ევრობიუროკრატების მხრიდან, ვერ აღიქმება ეს დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართაა თუ ცალკეული ინდივიდების მიმართ. ნებისმიერი ხელისუფლება წარმოადგენს საკუთარ მოსახლეობას და როდესაც შენ რომელიმე ხელისუფლებას ექცევი უპატივცემულოდ და არ იწვევ აღნიშნულ სამიტზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველ ხალხს არ სცემ პატივს.
ბოლო წლებში ვაკვირდებით ისეთ დისკურსს, რომ თითქოს ქართველი ხალხი მათთვის არის ცალკე და ქართველ ხალხში გულისხმობენ იმ უმცირესობას, რომელიც მათ უჭერს მხარს და ავიწყდებათ ის, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია ის ხელისუფლება, რომელსაც ისინი არ ესაუბრებიან“, - განმარტა ქიზიყურაშვილმა.





