ვახტანგ ქიზიყურაშვილი: გარკვეული იდეოლოგია, აკვიატებული იდეა ხშირად ევრობიუროკრატების პრაგმატიზმზე იმარჯვებს და ისინი ფიქრობენ არა იმაზე, როგორ უზრუნველყონ საკუთარი მოსახლეობისთვის წვდომა სხვადასხვა პროდუქტზე, არამედ იმაზე, როგორ მოახდინონ რევოლუცია რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში და საქართველოსთან ურთიერთობებიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ
პოლიტიკა

ვახტანგ ქიზიყურაშვილი
ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
გარკვეული იდეოლოგია, აკვიატებული იდეა ხშირად ევრობიუროკრატების პრაგმატიზმზე იმარჯვებს და ისინი ფიქრობენ არა იმაზე, როგორ უზრუნველყონ საკუთარი მოსახლეობისთვის წვდომა სხვადასხვა პროდუქტზე, არამედ იმაზე, როგორ მოახდინონ რევოლუცია რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში და საქართველოსთან ურთიერთობებიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა ვახტანგ ქიზიყურაშვილმა ჩინეთთან და შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით.
მან ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოში ხან ჭენგის ვიზიტი შემთხვევითი არ არის.
„შუა დერეფანი როგორც არასდროს, ისე მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი ალტერნატიული გზა დღეს ბლოკირებულია. ასევე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპული ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩინურ პროდუქტებზე წვდომა. ისმის ლოგიკური კითხვა, როგორ მოხვდება აღნიშნული პროდუქტები ევროკავშირის ტერიტორიაზე, თუ მან არ გაიარა საქართველო, რადგან საჰაერო გზით ეს ვერ მოხერხდება. სხვა სახმელეთო გზას კი დღეს ვხედავთ, რომ ყველგან ცეცხლი უკიდია და საქართველოზე უფრო სტაბილური გზა არ არსებობს“, - აღნიშნა ქიზიყურაშვილმა.
მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც ჩინეთთან, ასევე შუა აზიის ქვეყნებთანაც ევროკავშირს ძალიან უარყოფითი სავაჭრო სალდო აქვს. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი მათგან უფრო მეტს ყიდულობს, ვიდრე ყიდის.
„ევროკავშირის სასიცოცხლო ინტერესებშია, რომ მათ პროდუქციაზე ჰქონდეს უწყვეტი წვდომა და ერთი მხრივ, ისინი ამას აცნობიერებენ და მეორე მხრივ, ჭრიან იმ ტოტს, რომელზეც სხედან, რადგან როგორც საქართველოსთვის არის ევროკავშირთან, როგორც ინსტიტუციასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი, არანაკლებ მნიშვნელოვანია მათთვის საქართველოსთან ურთიერთობა. სწორედ აქ არის მთავარი პრობლემა, რომ ხშირად ევრობიუროკრატიისთვის გარკვეული იდეოლოგია, აკვიატებული იდეა პრაგმატიზმზე იმარჯვებს და ისინი ფიქრობენ არა იმაზე, როგორ უზრუნველყონ საკუთარი მოსახლეობისთვის წვდომა სხვადასხვა პროდუქტზე, არამედ იმაზე, როგორ მოახდინონ რევოლუცია რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში და საქართველოსთან ურთიერთობებიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ“, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა.





