ტაი ჩუნიუნგი: ჩინეთი მზადაა, გააგრძელოს მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა საქართველოსთან და გააფართოვს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა
პოლიტიკა

ტაი ჩუნიუნგი
ფოტო: ვიდეოკადრი
საქართველოში ჩინეთის საელჩოს დროებითმა საქმეთა რწმუნებულმა, ტაი ჩუნიუნგმა პრესკონფერენციაზე შეაჯამა ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგის ბოლოდროინდელი ვიზიტის შედეგები საქართველოში.
„ ორი კვირის წინ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ისტორიული ვიზიტით ეწვია საქართველოს, რამაც მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო ქართული საზოგადოების სხვადასხვა სექტორისა და მედიის მხრიდან.
ვიზიტის დროს ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი შეხვდა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და დაესწრო ჩინეთისა და საქართველოს ბიზნესსაზოგადოების მიერ ორგანიზებულ მისასალმებელ ვახშამს.
პრეზიდენტ ყაველაშვილთან შეხვედრაზე ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა აღნიშნა, რომ საქართველო ჩინეთის პირველი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და პირველი ქვეყანა ევრაზიის რეგიონში, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დაამყარა.
მიმდინარე წლის ივნისში პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ. ამ კავშირების განმტკიცება და განვითარება ემსახურება ორივე ქვეყნის ხალხების ფუნდამენტურ ინტერესებსა და საერთო მისწრაფებებს.
ჩინეთი მზადაა, გააგრძელოს მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა საქართველოსთან და გააფართოვს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, იყოს საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობასა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე დამყარებული ურთიერთობით. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩინეთი, როგორც ყოველთვის, მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესების დაცვაში. მხარეებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების განახლების თაობაზე ოქმის ეფექტიანად განხორციელებისთვის და გააღრმაონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა განათლება, მეცნიერება და ტექნოლოგიები, კულტურა, ტურიზმი, ახალგაზრდული გაცვლები და რეგიონთაშორისი თანამშრომლობა.
ჩინური და ქართული ბიზნესწრეების მიერ გამართულ საზეიმო მიღებაზე დასწრებისას ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა აღნიშნა, რომ ჩინეთი კვლავაც ერთგული რჩება თავისი ფუნდამენტური ეროვნული პოლიტიკისა, „გახსნილობის“ პოლიტიკისა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს კომპანიებს, ბაზარზე ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს. მან გამოთქვა იმედი, რომ ორივე ქვეყნის ბიზნესწრეები გამოიყენებენ ამ შესაძლებლობებს, გააძლიერებენ ურთიერთკავშირებს და წვლილს შეიტანენ ჩინეთ-საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში“, – განაცხადა ტაი ჩუნიუნგმა.





