ირაკლი კირცხალია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: ღიმილისმომგვრელია თითოეული მათი მცდელობა, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს და დარჩნენ იმ სცენარში, რომლითაც წლების განმავლობაში ცდილობდნენ საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ სხვადასხვა ძალას წარმოადგენდნენ
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია
ფოტო: ქართული ოცნება
ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ღიმილისმომგვრელს უწოდებს პარტიების წარმომადგენელთა მცდელობებს, რომ გაემიჯნონ ერთმანეთს.
„ჩემთვის პირადად და დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ ჩემთვის, ყოველდღიურად არის ლუსტრაცია ამ აგენტურის, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლდება. ღიმილისმომგვრელია თითოეული მათი მცდელობა, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს და დარჩნენ იმ სცენარში, რომლითაც წლების განმავლობაში ცდილობდნენ საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ სხვადასხვა ძალას წარმოადგენდნენ. ღიმილისმომგვრელია, როდესაც შემდეგ გამოვა მათი ადგილზე მყოფი ბელადი - ბატონი გვარამია და თითოეულ გზასაცდენილ დანაყოფს შემდეგ შეახსენებს, რომ თურმე ისინი ერთი ორგანიზმი არიან. შემდეგ მათი სულიერი მამა - ბატონი სააკაშვილი გამოვა სასამართლოს დარბაზიდან და ასევე დაუწუნებს რომელიმე დანაყოფს პასუხის გაცემას თუ კითხვის დასმას. ბევრი ფრთიანი კითხვის, განცხადების, პასუხის გახსენება შემიძლია. ალბათ ვინმე შემდეგ მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაიღებს მათ კითხვა-პასუხსა და უტიფრობაზე, რომელსაც ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზიდან გვთავაზობენ“, - განაცხადა კირცხალიამ.





