ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად შედგენილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას მოვახდენთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია
ფოტო: ქართული ოცნება
იმ ოჯახებისთვისაც, რომელთაც შეიძლება [სუროგაცია] დაგეგმილი ჰქონდათ და აკრძალვის შემდეგ ვეღარ განახორციელონ, მათთვისაც მორალურად და ეთიკურად ბევრად უფრო გადაწონის ის დიდი რისკები, რომელი რისკებიც ახლავს, სამწუხაროდ, ამ თემას და მის ასეთ კომერციალიზაციას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ გამართულ ბრიფინგზე.
კირცხალიამ უმრავლესობის წევრების გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ინიციირებული იქნება კანონპროექტი სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ, განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მომავალში კანონის აღსრულებასაც მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს, რათა არალეგალური მოქმედებები აირიდონ.
„სახელმწიფო ჩვენს მოქალაქეებს ყველაფერში გვერდით დაუდგება ყველა მიმართულებით, რაც ჩვენ შეგვეძლება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ აკრძალვას ნებისმიერ სფეროში ყოველთვის მოჰყვება იატაკქვეშა და არალეგალური მოქმედებები. ერთია ძალიან სწორად შედგენილი კანონმდებლობა და კანონი და მე ვფიქრობ, რომ ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია შემდეგ ამის აღსრულება და ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ ეს იყოს მაქსიმალურად გაკონტროლებული, რათა არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ამის მაქსიმალურ პრევენციას მოვახდენთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ ამ ყველაფერს“, - განაცხადა კირცხალიამ.





