ტაი ჩუნიუნგი: საქართველო ევროპასა და აზიას შორის ლოგისტიკური ცენტრის როლს ასრულებს, რაც ჩინეთთან თანამშრომლობის კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს შექმნის
პოლიტიკა

ტაი ჩუნიუნგი:
ფოტო: ვიდეოკადრი
საქართველო ევროპასა და აზიას შორის ლოგისტიკური ცენტრის როლს ასრულებს, რაც ჩინეთთან თანამშრომლობის კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს შექმნის, - საქართველოში ჩინეთის საელჩოს დროებითმა საქმეთა რწმუნებულმა, ტაი ჩუნიუნგმა პრესკონფერენციაზე.
„ჩინეთ-საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთშევსებადობის გათვალისწინებით, ამჟამად ორი ქვეყანა თანამშრომლობს ძირითადად შემდეგ სფეროებში – სუფთა ენერგია და „მწვანე“ განვითარება. ჩინურმა კომპანიამ, „სიჩუან ენერჯი ინტერნეიშენალმა“ (Sichuan Energy International) ინვესტიცია განახორციელა აღმოსავლეთ საქართველოში, პანკისის ხეობის სიღრმეში მდებარე „ხადორის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში; აღნიშნული ობიექტი დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. მიმდინარე წლის სექტემბერში იმავე კომპანიამ ინვესტიცია ჩადო იმერეთის ქარის ელექტროსადგურების პროექტში; მიზანია, მომავალი წლისთვის ის ენერგოსისტემას შეუერთდეს. საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარების ათწლიანი ეროვნული გეგმის თანახმად, 2034 წლისთვის ქვეყანაში უნდა ფუნქციონირებდეს 217 ჰიდროელექტროსადგური, 25 ქარის ელექტროსადგური და 3 თბოელექტროსადგური. მჯერა, რომ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციებს კიდევ არაერთი ჩინური კომპანია განახორციელებს;
მეორე სფერო ინფრასტრუქტურის განახლებასა და ლოგისტიკურ თანამშრომლობას ეხება. საქართველო აქტიურად მონაწილეობს შუა დერეფნის განვითარებაში, ძირითადი აქცენტით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების განვითარებაზე, მათ შორის, გზების, რკინიგზის, პორტებისა და აეროპორტების მშენებლობაზე. ჩინურმა კომპანიებმა ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში აშკარა ექსპერტიზა აჩვენეს, რასაც ადასტურებს მათი წარმატებული მონაწილეობა ისეთ პროექტებში, როგორებიცაა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, E 60 ავტომაგისტრალი და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის განახლება. რადგან საქართველო ევროპასა და აზიას შორის ლოგისტიკური ცენტრის როლს ასრულებს, ინფრასტრუქტურული კავშირი გრძელვადიან პრიორიტეტად დარჩება, რაც ჩინეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს შექმნის;
მესამე სფერო ციფრული ეკონომიკა და ხელოვნური ინტელექტია. საქართველოს სურს, გახდეს ევრაზიის ციფრული ჰაბი. ჩინეთს, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე ციფრულ ეკონომიკას წარმოადგენს, გააჩნია ტექნოლოგიები და გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა „ჭკვიანი ქალაქები“, 5G და ხელოვნური ინტელექტი; ეს რესურსები ხელს შეუწყობს საქართველოს ციფრული ინფრასტრუქტურის განახლებას. ორივე მხარის შესაბამისმა უწყებებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმებს, რომლებიც ციფრულ ეკონომიკაში საინვესტიციო თანამშრომლობასა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობას ეხება. გარდა ამისა, საქართველო, როგორც დამფუძნებელი წევრი, შეუერთდა „ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის მსოფლიო ორგანიზაციას“ – ინიციატივას, რომელიც ჩინეთმა წამოაყენა. მიიჩნევა, რომ ამ მიმართულებით ორ მხარეს შორის თანამშრომლობის ფართო პერსპექტივები არსებობს“, - აღნიშნა საქართველოში ჩინეთის საელჩოს დროებითმა საქმეთა რწმუნებულმა.





