შალვა პაპუაშვილი: მოლდოვაში გაზის ფასი შვიდჯერ გაიზარდა სწორედ იმის გამო, რომ ბრიუსელის მითითებებს მიჰყვებიან - მარტივი დასკვნა: რაც უფრო გაქებს ბრიუსელი, ე.ი. რაღაცას არასწორად აკეთებ შენი ხალხისთვის - ჩვენთვის ეს ერთგვარი ტესტია
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რაც უფრო გაქებს ბრიუსელი, ე.ი. რაღაცას აკეთებ არასწორად შენი ხალხისთვის — ჩვენთვის ეს ერთგვარი ტესტია, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბრიუსელი მოლდოვას არასწორ რჩევებს აძლევს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ პროგნოზებზეც აისახება და მოლდოვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კვლავ შემცირდა.
„ეკონომიკური განვითარების ნაწილში მნიშვნელოვანია ტრენდები და ვნახეთ, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს შემთხვევაში ევროკომისიამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში შეამცირა. ეს არის ზუსტად პირდაპირი ახსნა იმისა, თუ რა ჯობია — დავუჯეროთ ბრიუსელს თუ - არა.
უკრაინის შემთხვევაში გასაგებია, რომ ომი ბევრ რამეს ხსნის, მაგრამ მოლდოვის შემთხვევაში ხომ ვხედავთ, რომ ნიშნის მოგებით გვეუბნებიან ხოლმე, ხან ევროკავშირის ელჩი და ხან ევროკომისიის წარმომადგენლები, რომ მოლდოვა უფრო მეტ სიკეთეს მიიღებს, ვიდრე საქართველო. რაში გამოიხატება ეს სიკეთე? ის დაბალი პროგნოზი, რომელიც ჰქონდა, კიდევ უფრო შეუმცირეს, იმიტომ, რომ არასწორ რჩევებსა და მითითებებს აძლევენ და აზიანებენ მოლდოვას.
მე დავწერე ამასთან დაკავშირებით, რომ 2021 წელს, სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა, მოლდოვაში მომხმარებლისთვის ერთი კუბური მეტრი გაზი სადღაც 65 თეთრი ღირდა, საქართველოში კი — 56 თეთრი. დღეს მოლდოვაში გაზი 3 ლარი და 65 თეთრი ღირს, საქართველოში კი ისევ 56 თეთრია. მოლდოვაში გაზის ფასი შვიდჯერ გაიზარდა სწორედ იმის გამო, რომ ბრიუსელის მითითებებს მიჰყვებიან. ზრუნავენ არა იმაზე, რომ ჰქონდეთ რაც შეიძლება იაფი ენერგომატარებლები და, აქედან გამომდინარე, დაბალი ფასები, არამედ იმაზე, რომ ბრიუსელისგან რაც შეიძლება დადებითი შეფასებები მიიღონ.
აქედან მარტივი დასკვნა: რაც უფრო გაქებს ბრიუსელი, ე.ი. რაღაცას აკეთებ არასწორად შენი ხალხისთვის. ჩვენთვის ეს ერთგვარი ტესტია — რაც უფრო გვაქებს ბრიუსელი, ე.ი. ეტყობა, რაღაცას არასწორად ვაკეთებთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე; რაც უფრო გვაკრიტიკებს ბრიუსელი და მისი ელჩი, ე.ი. სწორად ვიქცევით და ჩვენი ხალხი უფრო მოგებაში იქნება“, — განაცხადა პაპუაშვილმა.





