ლევან მაჭავარიანი: საკონსტიტუციო სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი, ისე ობიექტური
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი
ვიდეო/კადრი
საკონსტიტუციო სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი, ისე ობიექტური, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, პროცესი იქნება საჯარო და საზოგადოება თავად დარწმუნდება, რამდენად მყარია სარჩელი ფაქტებითა და მტკიცებულებებით.
„უშუალოდ „დედა ნაციონალურ მოძრაობაზე“ ალბათ კითხვის ნიშანიც არავის უნდა უჩნდებოდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს თვალწინ გაიარა სისხლიანმა რეჟიმმა, სადაც ყოველდღიურობა იყო პატიმრების წამება, გაუპატიურება, ბიზნესის ტოტალური რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და სხვა საშინელებები“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატის თქმით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შემდეგ საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გასასამართლებელი რეჟიმია.
„ამ შემთხვევაში საქმე ეხება მათ სატელიტ პარტიებსაც, რომლებიც სხვადასხვა დივერსიფიცირებული სცენარით შემოგვთავაზეს მათმა გარე პატრონებმა, იგივე პარტია „ლელო“, გახარიას პარტია.
როდესაც ბოლო რევოლუციის სცენარი ჩაუვარდათ, ამის შემდეგ გადაწყვიტეს გარე უფროსებმა, რომ გახარიას პარტია შემოეშვათ პარლამენტში, რადგან ნახეს, რომ ქუჩაში არაფერი გამოდიოდა, ეცადნენ საბოტაჟირების პროცესი პარლამენტში გაეგრძელებინათ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა
პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს დაინიშნა.





