ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: თავიანთი მომხრეების უდიდესი უმრავლესობაც დაკარგეს, ვინაიდან ისინიც კი იაზრებენ, რომ სტაბილურობის, მშვიდობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი
ფოტო: „ქართული ოცნება“
ქუჩის აქტივისტებად, რადიკალებად, ექსტრიმისტებად ჩამოყალიბდნენ, მუდამ რევოლუციური პროცესების ავანგარდში არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ისინი პოლიტიკურად დამარცხებულები არიან, თუმცა, მათ ქმედებებს სამართლებრივი შეფასებაც უნდა მოჰყვეს.
„გახარიას პარტიის ერთ-ერთმა წევრმა გააკეთა განცხადება, რომ როდესაც პოლიტიკურად ვერ იმარჯვებთ, გინდათ აგვკრძალოთო. რაზე ლაპარაკობენ, 2025 წლის საკრებულოს არჩევნების შედეგები არ ახსოვთ? 50 000 ხმაც ვერ აიღეს და ერთი წევრიც ვერ შეიყვანეს თბილისის საკრებულოში. პოლიტიკურად განადგურებულები არიან, ქართველმა ხალხმა დაამარცხა ეს აგენტურული ოპოზიცია, მაგრამ ვალდებულები ვართ, რომ სამართლებრივი შეფასებაც გვქონდეს ამ ყველაფერზე.
პოლარიზაციის მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრ ნაბიჯს ვდგამთ, იგივე დებატები, რომელიც „იმედზე“, „რუსთავი 2-ზე“ დაიწყო, დისკუსიის შეთავაზება ჩვენი საზოგადოებისთვის, იგივე შსს-ში ჩამოყალიბებული სამმართველო, რომელიც ებრძვის იმ სიძულვილის ნიაღვარს, რომელიც სოციალურ ქსელში ვითარდებოდა. ძალიან ბევრ ახალგაზრდას სურს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, რომლებიც ვერ რისკავენ ნაბიჯების გადადგმას, რადგან ოპოზიცია გაჯერებულია აგენტურული პარტიებით, რომლებსაც გარედან აქვთ დაფინანსება, საკუთარი ტელევიზიები, საკუთარი ონლაინპლატფორმები. შესაბამისად, კონკურენციის გაწევა ძალიან რთულია. როდესაც პოლიტიკური ველი გაჯანსაღდება, გაცილებით დიდი მოტივაცია ექნებათ ახალგაზრდებს, რომ პოლიტიკურ პროცესებში მიიღონ მონაწილეობა და ერთი დიდი სიამოვნება იქნება, როდესაც ოპონენტად გყავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდების ჯგუფი და მუდმივად ცდილობ, რომ კიდევ უფრო უკეთესი იყო, ვიდრე გუშინ იყავი. თავიანთი მომხრეების უდიდესი უმრავლესობაც დაკარგეს, ვინაიდან ისინიც კი იაზრებენ, რომ სტაბილურობის, მშვიდობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.





