ნანა კაკაბაძე: ვისაც ჩაციკლული გონება და უსაზღვრო ფანტაზიები არ გააჩნია, ყველაფრიდან იმ დასკვნას გამოიტანს, რომ პოლიტიკაში და მით უმეტეს, ომებში არც სენტიმენტების და არც იდეალების ადგილი არ არის, ყველა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის, არამედ უბრალოდ, გადარჩენისთვის
პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე
ფოტო: ვიდეო/კადრი
არსებობს ასეთი ფრანგული გამოთქმა, „ომში, როგორც ომში“, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ომის კანონები სულ სხვაა და ომში მხარეთა მოქმედებები არ უნდა შევაფასოთ მშვიდობიანი დროის კრიტერიუმებით, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, დღეს მსოფლიოს სწორედ ეს დრო დაუდგა და ყველანაირი ჰუმანიტარული სენტიმენტების, მაღალი კატეგორიების და იდეალისტური თეორიების პრატიკაში დამკვიდრების სტანდარტები უკანა პლანზე გადავიდა.
„ეს ყველაფერი გაგვახსენა 9 ოქტომბერს ტრამპისა და პუტინის საათნახევრიანი საუბრის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც ისეთი მკვეთრი პოზიციები დაფიქსირდა და უკვე მკვეთრი მოქმედებებიც დაიწყო, რომ დაგვრჩა ომის ახალ ფაზაზე გადასვლის შეგრძნება.
კერძოდ, ამ საუბრის მეორე დღეს ტრამპმა რუსეთს დიზელზე დაწესებული სანქციები მოუხსნა და განაცხადა: „რუსეთი დათანხმდა გამოგვიგზავნოს მილიონობით ბარელი ნავთობი და ეს დიზელის საწვავია. სწორედ ეს გვჭირდება ახლა. ასე რომ, მადლობა".
უკრაინის პრეზიდენტთან დაკავშირებით კი განაცხადა: „ზელენსკის ამ ომის დასრულება არაერთხელ შეეძლო. მან ამის გაკეთება არ არჩია. ზელენსკის სურს, პრობლემები შეუქმნას მსოფლიოს. მას სურს, პრობლემები შეუქმნას ჩვენს ფერმერებს რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვით”.
იმავე დღეს ამ განცხადებას მხარი დაუჭირეს მარკო რუბიომ და ილონ მასკმა: „ვეთანხმებით ტრამპს, დროა, უკრაინამ შეცვალოს თავისი ლიდერი“, - აცხადებენ ისინი.
ამას მოჰყვა მყისიერი რექაცია როგორც უკრაინაში (“ზელენსკი სარგებლობს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერით… ის ფანტასტიკურად ართმევს თავს თავის მოვალეობებს" - საგარეო საქმეთა მინისტრი სიბიგა), ასევე ევროპაში (“რუსეთზე ზეწოლის შესუსტების დრო არაა, და ევროპა არ შეასუსტებს” - კაია კალასი). ხოლო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა თავის მხრივ, უკრაინელ ლიდერთან სატელეფონო საუბრისას „სრული სოლიდარობა დაუდასტურა" მას.
გასაგებია, რომ ეს ყველაფერი 3 ნოემბერს ჩანიშნული აშშ-ს კონკრესის არჩევნების ჭრილში უნდა განვიხილოთ, რომლის წინ ტრამპი ცდილობს, რაღაც წარმატების დაფიქსირებას, მაგრამ რამდენად დაეხმარება ეს ყველაფერი მას, ამას 3 კვირის შემდეგ დავინახავთ.
იქ რომ მარტივად არ არის საქმე, ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ თვითონ მისივე პარტიის კონგრესმენმა ბრაიან ფიცპატრიკმა კონგრესში წარადგინა ორპარტიული კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში ტრამპს აუკრძალავენ რუსეთიდან ნავთობის შეძენას.
ამასობაში ტრამპი კიდევ ერთხელ დაემუქრა ირანს სრული განადგურებით, ხოლო ირანის სატელიტმა ჰუსიტებმა ახლო აღმოსავლეთში ტრამპის ერთ-ერთი დასაყრდენი ქვეყანა საუდის არაბეთი მძლავრად დაბომბეს - კერძოდ, ერ-რიადში, მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმის შედეგად მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა, 309 კი დაშავდა.
ეტყობა, 3 ნოემბრამდე დარჩენილი დრო გადამწყვეტი ეტაპი იქნება როგორც ახლო აღმოსავლეთის, ისე რუსეთ-უკრაინის ომების კრიზისის ტენდენციების გამოკვეთაში.
ვისაც ჩაციკლული გონება და უსაზღვრო ფანტაზიები არ გააჩნია, ამ ყველაფრიდან იმ დასკვნას გამოიტანს, რომ პოლიტიკაში და მით უმეტეს, ომებში (თუნდაც, შენთან კი არა, არამედ შენს გარშემო მიმდინარეობდეს) არც სენტიმენტების და არც იდეალების ადგილი არ არის, ყველა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის, არამედ უბრალოდ, გადარჩენისთვის.
ამ ფონზე ჩვენმა აკაცუკებმა კვლავ სცადეს რუსეთიდან წამოსული ახალი ინფორმაცია კიდევ ერთხელ გამოეყენებინათ რუსოფობიური განწყობების გასაღვივებლად. კერძოდ, რუსეთმა თავის ქვეყანაში იმპორტი აუკრძალა მინერალურ წყალ „ნაბეღლავს", საქართველოში წარმოებულ გაზიან სასმელ Coca-Cola-ს, „ქართული ლუდის კომპანიის" ლუდს, „ძმები ასკანელების" ღვინოსა და კონიაკს, ასევე მწარმოებლების - „თელიანი ველის", „თბილღვინოსა" და „ვაინმენის" ღვინოებს.
საცალო ვაჭრობის კომპანიების ასოციაციაში (АКОРТ) РБК-ს განუცხადეს, რომ „როსპოტრებნადზორის" მითითებით, სავაჭრო ქსელებმა აღნიშნული პროდუქციის დახლებიდან ამოღება უკვე დაიწყეს. ვეტერანმა აკაცუკმა რომან გოცირიძემ მაშინვე ნიშნის მოგებით განაცხადა: აი, ხომ ხედავთ, რუსებს რომ დავუჩოქებთ, მაშინვე ხოხვას მოგთხოვენო.
რუსეთმა ეს, რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესების გამო გააკეთა და ამით დასანქცირებულ ქართულ კომპანიებსაც ზიანი მიაყენა, მაგრამ იქნებ ჯერ გაგვერკვია, რას იგებს აქედან რუსეთი და რატომ დაასანქცირა მაინცდამაინც ეს კომპანიები? არა გვგონია, რომ როგორც აკაცუკები ამტკიცებენ, რუსეთი მართლა აფხაზეთის და ცხინვალის აღიარებას სთხოვდეს საქართველოს ხელისუფლებას და ამაზე უარის გამო დაესაჯოს ქართული კომპანიები, რადგან რუსები არც ისეთი სულელები არიან, რომ საქართველოს მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების 1-%-იან შესაძლებლობასაც კი განიხილავდნენ. დაველოდოთ და გამოჩნდება ამ დასანქცირების რეალური მიზეზები.
როდესაც ვხედავთ, რომ უკრაინის განადგურების ხარჯზე ამ ქვეყნის, თითქოსდა ყველაზე დიდი გულშემატკივარი ევროპაც კი მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამოდის (შიშობენ, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთი მათი ტერიტორიებით დაკავდება), ხოლო ცალკეული ევროპული ქვეყნები ითხოვენ მათი მოთხოვნილების გათვალისწინებით გარკვეულ რუსულ კომპანიებს თუ რუს ოლიგარქებს სანქციები მოუხსნან, როდესაც აშშ პირდაპირ აცხადებს, რომ მათი ფერმერების და მოქალაქეების ინტერესები ყველაზე მაღლა დგას და ამიტომ, რუსულ დიზელს სანქციებს უხსნის, როდესაც ევროპაში საპროტესტო აქციების (მათ შორის არასრულწლოვანების) სასტიკ დარბევებზე პირში წყალს იგუბებენ და ჩვენთან მუდმივად პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მოთქვამენ და ბოლოს, როდესაც ნატრობენ, საქართველო მოლდოვასა და უკრაინას „დაეწიოს“ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ძალაუნებურად ფიქრობ, რომ მათი განცხადებები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესების შესახებ მხოლოდ ლიტონი სიტყვები და აფერისტობაა.
ამიტომაც, როდესაც თან მაგალითად მოლდოვასა და უკრაინას გვისახელებენ და თან მათთან შედარებით თვითონ ევროპელებისვე გამოკვლევებით სხვადასხვა ინდექსში და რეიტინგში ყველა პარამეტრით თვითონვე მათზე წინ გვაყენებენ, ამ უცნაურობის ახსნისას აშკარად ვარდებიან გამოუვალ მდგომარეობაში. ალბათ, სიმბოლურია ისიც, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დღეს დაანონსებულ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც აკაცუკური მუსიკალური ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ მიიწვია.
ამ ყველაფრის ფონზე არ შეიძლება, არ დაეთანხმო პრემიერ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც გუშინ განაცხადა: „ჩვენ, თავის დროზე, გახსოვთ,არ როდესაც შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ, რამხელა კამპანია მოჰყვა ამ ყველაფერს. ამ ფონზე ვხედავთ, რომ სანქციების შემსუბუქება მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ“, - წერს ნანა კაკაბაძე.





