მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის არაერთი უსაფუძვლო რეზოლუცია ვიხილეთ, რომელშიც რეალობას აცდენილი დებულებებია ჩადებული. ასეთი მცდელობები ისევ არის
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ევროპარლამენტში იწყებოდა ხოლმე ხმაური საქართველოსთან დაკავშირებით - არაერთი უსაფუძვლო რეზოლუცია ვიხილეთ, რომელშიც რეალობას აცდენილი დებულებებია ჩადებული. ასეთი მცდელობები ისევ არის, რომ ევროპარლამენტი იყოს გამოყენებული ამ საქმისთვის, - განაცხადა „იმედი LIVE“-ში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებთან დაკავშირებით.
ამ კონტექსტში მან ახსენა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში დაგეგმილი დისკუსიაც და იმედი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ეცდებიან, რეალურ სურათს შეხედონ.
„ნახეთ დებატების მიმდინარეობაც - ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე განცხადებები, ზოგს სააკაშვილი ადარდებს, ზოგს - რა. მაგრამ ფაქტია, რომ ამ ინსტიტუტის ამგვარად გამოყენება ხდება. შესაძლოა შემდგომი რეზოლუცია საფუძვლად იყოს გამოყენებული ნეგატიური განცხადებების გასაკეთებლად. დაველოდოთ, მე მგონია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ეცდებიან რეალურ სურათს შეხედონ და რეალური საჭიროებები დაინახონ ევროკავშირის, რადგან აქ არ ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოს საჭიროებებზე“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.




