მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ძალიან მარტივად ვთქვით გამჭვირვალობის კანონით, რომ ვერ დაფინანსდება საქართველოში პოლიტიკური პარტიები უცხოეთიდან, ვერც შემოვლითი გზით
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ჩვენ ძალიან მარტივად ვთქვით გამჭვირვალობის კანონით, რომ ვერ დაფინანსდება საქართველოში პოლიტიკური პარტიები უცხოეთიდან, ვერც შემოვლითი გზით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციას უჭერენ მხარს და რეალურად, მხარს უჭერენ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიან სწორედ დემოკრატიის საფუძვლებთან.
„ორი კანონი, რომელიც დღემდე არის, ასე ვთქვათ, ყველაფრის თავი და თავი ევროკავშირთან შეჩერებული დიალოგის, გაბრაზებული გერმანული ფონდების და ა.შ. მაგრამ რატომ იყო ეს კანონები მიღებული, ყველას ავიწყდება.
ჩვენ ამ კანონების მიღება დაგვჭირდა იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო დაგვეცვა, ჩვენი სისტემა დაგვეცვა, სახელმწიფოს სისტემა, საფუძვლები დაგვეცვა და დემოკრატიული განვითარება დაგვეცვა. უცხოური ჩარევები მიუღებელია ყველასთვის, როდესაც პოლიტიკაზე ვსაუბრობთ და გერმანული ფონდები დიდწილად პირდაპირ პოლიტიკური ფონდები არიან. პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებენ. ჩვენ ძალიან მარტივად ვთქვით გამჭვირვალობის კანონით, რომ ვერ დაფინანსდება საქართველოში პოლიტიკური პარტიები უცხოეთიდან. ვერც შემოვლითი გზით. ძალიან ბევრი ეცადნენ, ვხედავთ არის მცდელობები, ამიტომ მოგვიწია ამ კანონის ძალიან ბევრჯერ შეცვლა.
ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რათა ამ რაღაც შემოვლით გზებსაც უპასუხო იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკაში დასრულდეს უცხოური ფულის შემოდინება, უცხოური გავლენების შემოდინება, ვინაიდან ეს არის ცუდი. ეს არის ცუდი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და მგონი ამას თავადაც უნდა ხედავდნენ იმიტომ, რომ შედეგები სახეზეა. ოპოზიციას უჭერენ მხარს, ასე ვთქვათ და რეალურად, მხარს უჭერენ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიან სწორედ დემოკრატიის საფუძვლებთან, ყველაფერ დემოკრატიასთან, საერთო რაცაა ყველაფერ წინააღმდეგობაში მოდიან და ასეთ მოცემულობაში ჩვენ გვიწევს ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაზე. იმ საფუძვლების გადარჩენაზე, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა. ეს ჩვენი არამხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაა. ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და გავაგრძელოთ იმაზე ზრუნვა და მუშაობა, რომ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობას არ შეექმნას საფრთხე არსაიდან, არცერთი მხრიდან. ასე რომ ყველას ვურჩევდი კარგად გაიხსენონ და კარგად შეაფასონ ის საფუძვლები, რა საფუძველზეც მოხდა საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღება. რატომ მოხდა, როდის მოხდა, რა პოლიტიკურ კონტექსტში მოხდა. ნუ დაავიწყდებათ არჩევნები, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ და ის ჩარევები, რაც ჩვენ ვიხილეთ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს“, - აღნიშნა მან.




