თენგიზ შარმანაშვილი: მარტა კოსის განცხადება არის გამოძახილი იმისა, რაც არის ევრობიუროკრატიის ოფიციალური პოლიტიკა. ძალიან უჭირთ იმის აღიარება, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაპრაგმატულ და რაც მთავარია უსამართლო პოლიტიკას ეწეოდნენ საქართველოსთან მიმართებით. უზარმაზარი შეცდომები აქვთ დაშვებული
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი
ვიდეო/კადრი
მარტა კოსის ეს განცხადება არის გამოძახილი იმისა, რაც არის ევრობიუროკრატიის ოფიციალური პოლიტიკა. ჩვენ მისგან და სხვა კომისრებისგან, ახლა, ამ ეტაპზე რამე განსხვავებულ განცხადებას არ ველით, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომ ისურვებდა, საქართველო იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა.
თენგიზ შარმანაშვილის თქმით, მოქმედი ევრობიუროკრატებისგან საქართველოს ხელისუფლება ახალს არაფერს ელის.
„ამ ეტაპზე ამ ინერციით მოძრაობენ ისინი. მათ ძალიან უჭირთ იმის აღიარება, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაპრაგმატულ და რაც მთავარია უსამართლო პოლიტიკას ეწეოდნენ საქართველოსთან მიმართებით. უზარმაზარი შეცდომები აქვთ დაშვებული. ის, რომ მათ უბიძგეს თუნდაც რადიკალურ ოპოზიციას, რომ არ ჰქონოდათ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, არ მიეღოთ მონაწილეობა ლეგიტიმურ ორგანოებში - პარლამენტში და ის 61 კაცი რომ არ ზის ახლა პარლამენტში და ოპონირებას არ უწევს საქართველოს ხელისუფლების მმართველ პარტიას, ეს მათი დამსახურებაა, ამ ევრობიუროკრატების დამსახურებაა.
ძალიან უჭირთ ამ სიტუაციიდან გამოსვლა. ძალიან რთულია აღიარონ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ფუჭ და უსამართლო პოლიტიკას ეწეოდნენ. ამიტომ უახლოეს მომავალში რაღაც დიდ შემობრუნებას არ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
მისი თქმით, ის, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკების პროცესი გაიხსნა, არ ნიშნავს, რომ ეს ორი ქვეყანა ხვალ ევროკავშირის წევრები გახდებიან.
„რა თქმა უნდა ეს ასე არ მოხდება“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება გაჰყვება იმ გზას, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებით აქვს ჩვენს ქვეყანას აღებული. შარმანაშვილის თქმით, აქედან 80% საქართველოს შესრულებული აქვს.




