პაატა სალია დავითიძის საქმეზე: ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმას, შესაბამისად დეესკალაციის ოთახში პატიმრების გადაყვანა განხორციელდა გარკვეული უსაფრთხოების ღონისძიებებიდან გამომდინარე
პოლიტიკა

პაატა სალია
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
აბსოლუტურად სწორია პენიტენციური სამსახურის განცხადება. მაყურებელმაც იხილა ის კადრები, რომელიც გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა ამ ორ ეპიზოდთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში დღის ქრონიკა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ დავითიძის საქმეზე საუბრისას.
მისივე თქმით, ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმას, შესაბამისად დეესკალაციის ოთახში პატიმრების გადაყვანა განხორციელდა გარკვეული უსაფრთხოების ღონისძიებებიდან გამომდინარე.
„არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანა არის რაიმე სადამსჯელო ღონისძიება, პირით ეს არის უსაფრთხოების ღონისძიება, რათა არ მოხდეს მსჯავრდებულის, ბრალდებულის, ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის სხეულის, ან ჯანმრთელობის დაზიანება. შესაბამისად ამ რისკების განმუხტვის და გადაზღვევის მიზნით ხდება დეესკალაციის ოთახში უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე კონკრეტული პატიმრის განთავსება. ამ შემთხვევაშიც, მას შემდეგ რაც მოხდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებზე თავდასხმა, მხოლოდ ამის შემდეგ მოთავსდნენ ეს პირები.
არანაირი სადამსჯელო ღონისძიება არ გატარებულა და პენიტენციური სამსახური არ ატარებს მსგავსი სახის სადამსჯელო ღონისძიებებს. ორივე კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილი იყო სავარაუდო სამართალდარღვევა, რა თქმა უნდა ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა ჩვენ აშკარად შეგვიძლია ვნახოთ ვიდეო გამოსახულებაზე როგორ ხდება თავდასხმა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებზე. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“, - აღნიშნა სალიამ.
მინისტრის განცხადებით, პენიტენციური სამსახური არ ზღუდავს პატიმრის გამოხატვის თავისუფლებას.
„ჩვენ არ ვზღუდავთ არავის გამოხატვის თავისუფლებას პენიტენციურ დაწესებულებაში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარი დამსახურება ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელებისას არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ და მაქსიმალურად ვუნარჩუნებთ ადამიანს ღირსებას პენიტენციურ დაწესებულებაში. რა თქმა უნდა დაცულია მისი უფლებები, მთა შორის გამოხატვის თავისუფლება. პროტესტის უფლება ყველას აქვს, თუმცა ეს არ უნდა გადაიზარდოს კანონდარღვევაში. მე ვერ გეტყვით რა იყო ამ თავდასხმების საფუძველი, თუმცა ამას გამოძიება დაადგენს და კანონდარღვევის შემთხვევაში შეეფარდებათ შესაბამისი სასჯელი. ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართული იქნება პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების წინააღმდეგ, მიმართული იქნება სისტემის საბოტაჟისკენ, დეზორგანიზაციისკენ, უცილებლად გაეცემა კანონით გათვალისწინებული მკაცრი პასუხი“, - დასძინა პაატა სალიამ.




