ქეთევან ლაცაბიძე
ჟურნალისტის ცემის ფაქტი პროკურორის პირად კონტროლზეა
პოლიტიკა

ირაკლი შოთაძე
“ეს საქმე პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი”, - თქვა ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე, რომელიც ქალაქ ბორჯომში 18 დეკემბერს მოხდა. ტელეწამყვანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
დღეს იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, რომელსაც სახალხო დამცველიც ესწრებოდა. სხდომის დასრულების შემდეგ მთავარი პროკურორი ჟურნალისტებთან სასაუბროდ გამოვიდა. მას ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა საკუთარი საქმის გამოძიებაზე შეკითხვა დაუსვა, რაზეც ირაკლი შოთაძემ უპასუხა:
“ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მას შემდეგ, რაც ჩვენ მიერ მოპოვებული იქნება მტკიცებულებები, რომლებიც მოგვცემს შესაბამისი ბრალის სტანდარტს, ჩვენც შესაბამისად ვირეაგირებთ. ჩვენ თქვენ, როგორც დაზარალებულ მხარეს (გასვიანს მიმართა) შეგხვდებით, გექნებათ სრული წვდომა საქმის მასალებთან და სრული ინფორმაცია იმ სამუშაოზე, რასაც ჩვენ ვატარებთ და რის ჩატარებასაც ვაპირებთ. ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება პირების დაკავებას, არსებობს საპროცესო კანონით გათვალისწინებული პროცედურები. საჭიროა საქმეზე მოპოვებული იყოს შესაბამისი მტკიცებულებები. დეტალებზე საჯაროდ ვერ ვილაპარაკებ. ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. ვისზეც პრეტენზია არსებობს, იმ პირს უფლებამოსილება რომ შეუჩერდა”. მთავარი პროკურორის თქმით ის პირადად არის გარანტი იმისა, რომ დამნაშავეებს ხელს არავინ დააფარებს.
გასვიანის თქმით, შემთხვევა 18 დეკემბერს სასტუმრო "ბორჯომი კროუნ პლაზას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ის ადამიანის უფლებათა დაცვის სემინარზე მიდიოდა. ტელეწამყვანი ამბობს, რომ მას გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც შეესწრნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები, რომლებიც მანქანის გაჩერების შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და იარაღის მიბჯენით დაემუქრნენ, რომ მომხდარი არ გაემხილა.
ამ ფაქტს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილიც გამოხმაურა და თქვა, რომ ის თანამშრომელი, რომელსაც ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ფიზიკურ შეურაცხყოფაში სდებს ბრალს, სამსახურიდან გათავისუფლდა. მინისტრის თქმით, მის პასუხისგებაში მიცემის საკითხს პროკურატურა გადაწყვეტს.





