imedi.ge
გიგი წერეთელი: ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს, საოკუპაციო ზოლზე მომხდარ ყველა დანაშაულში მონაწილე პირის დასჯა
პოლიტიკა

გიგი წერეთელი
ფოტო: ევროპული საქართველო
კიდევ ერთი ძალიან საგანგაშო ფაქტია, როდესაც საქართველოს მოქალაქეს უკვე მერამდენედ იტაცებენ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან და ამჯერად კიდევ უფრო მძიმეა ვითარება, რადგან მოქალაქე არის დაჭრილი. ეს ვითარება აბსოლუტურად მიუღებელი და მოუთმენელია, მაგრამ ეს ასე გაგრძელდება, თუ ხელისუფლების მხრიდან არ იქნა გაცილებით უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგმული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა. ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.
გიგი წერეთელის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება აუცილებელია, რასაც უმეტესად მოჰყვება განცხადებები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ამის იქეთ საქმე არ მიდის.
„საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება აუცილებელია, რასაც უმეტესად მოჰყვება განცხადებები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ამის იქეთ საქმე არ მიდის, რაც სტიმულს აძლევს დე ფაქტო ხელისუფლებას და მათ მხარდამჭერებს რუსეთში, რომ გააგრძელონ ამგვარი პოლიტიკა, რადგან არავის სანქცირება არ ხდება, არავის დასჯა არ ხდება და წინა პერიოდში მომხდარი დანაშაულებისთვისაც არავის პასუხი ჯერჯერობით არ უგია. ძალიან სერიოზული მოქმედებები და ღონისძიებებია გასატარებელი, თუკი ეს ხელისუფლებას შეუძლია. სხვა შემთხვევაში ამგვარი ფაქტების მოწმენი ხშირად ვიქნებით და მსგავსი დანაშაულის პრევენცია პრაქტიკულად ვერ მოხდება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, გიგი წერეთელის განცხადებით, მას ექნება კომუნიკაცია ეუთოს ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, რომ ამ საკითხის გადაწყვეტაში აქტიურად ჩაერთონ.





