POLITICO: ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლის ხუთი სცენარი - რა ვარიანტები განიხილება პუტინისა და ტრამპის მოთხოვნების ფონზე
მსოფლიო

ფოტო: AFP via Getty Images
აშშ და რუსეთი ევროპისგან კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურის გადახედვას მოითხოვენ, რაც უკრაინაში ომის დასრულების მცდელობის ნაწილია. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
შესაძლო ცვლილებები შეიძლება მოიცავდეს როგორც მოსკოვისთვის ევროპის უსაფრთხოების საკითხებში უფრო მნიშვნელოვანი როლის მინიჭებას, ისე არსებული წესრიგის უცვლელად შენარჩუნებას.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, დიდი ხანია მოითხოვს ევროპის თავდაცვის სისტემის გადახედვას. მოსკოვი ნატოსგან თავისი ძალების უკან დახევას და ევროპის უსაფრთხოების საკითხებში რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სიტყვის მინიჭებას ითხოვს. ეს მოთხოვნები უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდეც არსებობდა, წერს გამოცემა.
POLITICO ხუთ შესაძლო სცენარს განიხილავს და აფასებს, რამდენად რეალურია თითოეული მათგანის განხორციელება. ეს ვარიანტები ერთმანეთს სრულად არ გამორიცხავს.
1. ეუთოს როლის გაძლიერება
ვენაში მდებარე ეუთო, ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე იმ იშვიათი ორგანიზაციებიდან ერთ-ერთია, რომლის წევრიც რუსეთი კვლავ არის.
ორგანიზაციის ვენის დოკუმენტი რისკების შემცირების მექანიზმებს ითვალისწინებს. მაგალითად, ქვეყნები ვალდებული არიან, სულ მცირე 42 დღით ადრე გააფრთხილონ სხვები იმ სამხედრო აქტივობების შესახებ, რომლებშიც 9 000 ან მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
გერმანიის მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის შეიარაღების კონტროლის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ულრიხ კიუნის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ეუთო შეიძლება იქცეს უკვე არსებულ პლატფორმად ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის, სამშვიდობო მოლაპარაკებების დეტალების შესათანხმებლად და ნდობის აღდგენის ისეთი ზომების გასატარებლად, როგორიცაა სამხედრო აქტივობების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გაცვლა.
ამასთან, მიმდინარე თვეში დუბლინში 40-ზე მეტმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა „ევროპაში სტაბილურობის ხელშემწყობი რისკების მართვისა და შემცირების დამატებითი მექანიზმების შესახებ დისკუსიების“ გამართვას, თუკი სამშვიდობო შეთანხმება მიიღწევა.
2. ნატო-რუსეთის საბჭოს აღდგენა
ნატო-რუსეთის საბჭოს საქმიანობის განახლების იდეას მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერიც.
საბჭო 2002 წელს შეიქმნა და კონსულტაციების, რისკების შემცირებისა და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმას წარმოადგენდა. მისი საქმიანობის შედეგად რამდენიმე შეზღუდული შეთანხმებაც გაფორმდა, მათ შორის წყალქვეშა ნავების ეკიპაჟების ურთიერთდახმარებისა და ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივი გეგმების შესახებ.
საბჭოს შეეძლო საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიეღო, თუმცა რუსეთს არ ჰქონდა ვეტოს უფლება ნატოს გადაწყვეტილებებზე ან ალიანსის თავდაცვის პოლიტიკაზე.
საბჭოს ბოლო შეხვედრა მოსკოვის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ერთი თვით ადრე გაიმართა. მას შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ეს ფორმატი „მკვდარია“.
3. ევროპული უსაფრთხოების ახალი ხელშეკრულება
კიდევ ერთი შესაძლო ვარიანტია ახალი, მასშტაბური ევროპული შეთანხმების გაფორმება, რომელიც არსებულ ინსტიტუტებს დაეფუძნება ან მათ მთლიანად ჩაანაცვლებს. თუმცა, ეს იდეა, სავარაუდოდ, უკრაინის მოკავშირეების მხრიდან ყველაზე დიდ წინააღმდეგობას წააწყდება.
ეგმონტის ინსტიტუტის წარმომადგენლის, სვენ ბისკოპის განცხადებით, ახალ შეთანხმებას გარკვეული უპირატესობები ექნებოდა. ის გაითვალისწინებდა შეცვლილ რეალობას, მათ შორის ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, უკრაინის მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ისეთ ახალ სამხედრო საფრთხეებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი.
„გეოპოლიტიკა შეიცვალა, ამიტომ უბრალოდ, იქიდან გაგრძელება, სადაც შევჩერდით, შეუძლებელია. ხელშეკრულების ხელახლა შეთანხმება მოგიწევთ“, - განაცხადა ბისკოპმა.
თუმცა, ნებისმიერი ახალი ხელშეკრულება ევროპაში გააჩენს შიშს, რომ რუსეთს კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურაზე ზედმეტად დიდი გავლენა მიენიჭება.
4. ევროკავშირი-რუსეთის ახალი ფორმატი
ერთ დროს ევროკავშირსაც ჰქონდა რუსეთთან თანამშრომლობის ოფიციალური არხი, რომელიც 1997 წლის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.
მუდმივი პარტნიორობის საბჭო საგარეო უსაფრთხოების, მართლმსაჯულების, კვლევებისა და ეკონომიკის საკითხებზე მინისტრების დონეზე შეხვედრებს მართავდა. ამ ფორმატით გაფორმდა შეთანხმებები ვიზების გამარტივებისა და სასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ. საბჭოს საქმიანობა 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ შეჩერდა.
ევროკავშირის ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, ისეთ საკითხებში, როგორიცაა ვაჭრობა, სანქციები, ვიზები და საზღვრების მართვა, ევროკავშირს მოსკოვთან ომის შემდგომი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის გარკვეული მოქნილობა და ბერკეტები აქვს. თუმცა, მისივე თქმით, ბლოკის უფლებამოსილება უსაფრთხოების საკითხებში შეზღუდულია.
„სანამ ასეთი ფორმატი ევროპაში უსაფრთხოების არსებული არქიტექტურის შეცვლად აღიქმება, ის ვერ განხორციელდება. ის არსებული არქიტექტურის დამატებად უნდა წარმოჩნდეს“, - განაცხადა დიპლომატმა.
5. ყველაფერი უცვლელი რჩება
ევროპელი მაღალჩინოსნების შეფასებით, ყველაზე რეალისტური სწორედ არსებული მდგომარეობის შენარჩუნების სცენარია, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ღიად აცხადებს, ასეთი ვითარება მისთვის მიუღებელია.
ეგმონტის ინსტიტუტის წარმომადგენლის სვენ ბისკოპის თქმით, ევროპის უმნიშვნელოვანესი სამხედრო და ეკონომიკური ალიანსები რუსეთს არასდროს მოიცავდა.
„არსებობს ერთი ევროკავშირი და ერთი ნატო, რომლის წევრიც რუსეთი ვერ გახდება. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთი ევროპის მეზობელია. ჩვენ ვერ შევქმნით უსაფრთხოების ისეთ არქიტექტურას, რომელშიც გადაწყვეტილებებს რუსეთთან ერთად მივიღებთ“, - განაცხადა ბისკოპმა.
მისი შეფასებით, ეს სასურველი სცენარი არ არის და ევროპაში არასტაბილურობას გამოიწვევს, თუმცა რუსეთის არარეალისტური მოთხოვნების გათვალისწინებით, სწორედ ამ შედეგის დადგომაა მოსალოდნელი.
ნატოს ერთ-ერთმა დიპლომატმა, რომელიც გამოცემას ესაუბრა, საკითხი უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბა: „რუსეთმა ბოლო 30 წლის განმავლობაში დადებული ყველა სამშვიდობო შეთანხმება სრულიად უგულებელყო. თუ დიალოგის აღდგენა გსურთ, მისი პირობები ორივე მხარემ უნდა გაიზიაროს. მხოლოდ ერთი მხარის სურვილით ეს დიალოგი ვერ შედგება. ეს საკუთარ თავთან საუბარს ჰგავს“.





