POLITICO: ფინეთმა რუსეთის ელჩი დაიბარა - ჰელსინკი ეჭვობს, რომ რუსულმა ვერტმფრენმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია
მსოფლიო

ანტი ჰაკანენი
ფოტო: AFP via Getty Images
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ელჩის დაბარების მიზეზი ეჭვია, რომ რუსულმა ვერტმფრენმა შაბათს ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენი ქვეყნის ტერიტორიაზე დაახლოებით 4,1 კილომეტრის სიღრმეში შეიჭრა.
რუსული ვერტმფრენი შუადღის შემდეგ, ფინეთის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ლოვიისაში შენიშნეს.
„რუსეთის სახიფათო და უპასუხისმგებლო ქმედებები ევროპაში მიუღებელია“, - ნათქვამია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებამ სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა. სამინისტრომ დაგმო რუსეთის „უკანონო აგრესიული ომი“ და უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე გახშირებული დარტყმები. ამასთან, უწყებამ სოლიდარობა გამოუცხადა დანიას, პოლონეთსა და სხვა ევროპელ პარტნიორებს.
როგორც POLITICO წერს, ბოლო თვეებში რუსეთის მხრიდან ვერტმფრენებითა და დრონებით საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევები ევროპის სხვა ქვეყნებმაც გააპროტესტეს. 17 სექტემბერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა გააფრთხილა ევროპული ქვეყნები, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს და მომხდარი, შემთხვევით ინციდენტებად წარმოაჩინოს.
ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკანენის განცხადებით, სავარაუდო დარღვევა შესაძლოა , უკავშირდებოდეს რუსული სატვირთო გემის Sparta II-ის მონაწილეობით მიმდინარე სამაშველო ან მონიტორინგის ოპერაციებს. გემი შაბათს დილით, ფინეთის ყურეში უკრაინული დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა.
ფინეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, კვირას, დღის მეორე ნახევარში გემი ფინეთის წყლებიდან რუსეთის მიმართულებით გაიყვანეს.
„უკრაინას აქვს უფლება, თავი დაიცვას რუსეთის უკანონო აგრესიისგან“, - ნათქვამია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მოსკოვს ფინეთის მიერ ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით, საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.





