Associated Press: პენტაგონი კანადას თავდაცვის ხარჯებისა და F-35-ების შესყიდვის გადახედვის გამო მკაცრად აკრიტიკებს
მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი
ფოტო: AP
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა კანადა ჩრდილოეთ ამერიკის თავდაცვის საქმეში არასაიმედო პარტნიორად შეაფასა და ოტავა თავდაცვის ხარჯების არასაკმარისი ზრდისა და ამერიკული F-35 ტიპის გამანადგურებლების შესყიდვის გადახედვის გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
პენტაგონის განცხადებით, კანადას სამხედრო ძალების მოდერნიზაციისა და ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის აუცილებელი რთული გადაწყვეტილებები არ მიუღია.
როგორც სააგენტო იუწყება, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გავრცელებულ უჩვეულოდ მკაცრ განცხადებაში აღნიშნა, რომ კანადის თავდაცვის სფეროში არსებული ხარვეზები აშკარაა და ქვეყანამ ამ მიმართულებით უფრო სერიოზული და მიზანმიმართული ნაბიჯები უნდა გადადგას.
„კანადის თავდაცვისუნარიანობის ხარვეზები თავისთავად მეტყველებს. კანადა ვალდებულია, საკითხს სერიოზულად და მიზანმიმართულად მიუდგეს“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
უწყების თანახმად, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი „მთელი ყურადღებით“ არის კონცენტრირებული კანადის სამხედრო ძალების მოდერნიზაციაზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ათწლეულების განმავლობაში მისი თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს ეკისრებოდათ.
კანადამ უკვე მიაღწია ნატოს ძველ მიზანს - თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2% დახარჯვას და შეუერთდა მოკავშირეებს, რომლებმაც 2035 წლისთვის თავდაცვისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდის ვალდებულება აიღეს.
კანადის ბიუჯეტის ბოლო პროგნოზით, 2027-2028 ფინანსური წლისთვის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთობლივი ხარჯები მშპ-ის 4,1 % მიაღწევს, თუმცა უშუალოდ თავდაცვაზე, მხოლოდ 2,6% დაიხარჯება.
პენტაგონი ოტავას აკრიტიკებს იმის გამოც, რომ, მისი შეფასებით, კანადას არ აქვს სარწმუნო და დეტალურად გათვლილი გეგმა ნატოს 5%-იანი მიზნის მისაღწევად. უწყების განცხადებით, თავდაცვის ხარჯების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა 2029 წლის ფედერალური არჩევნების შემდეგ არის გადავადებული. კანადის პარლამენტის საბიუჯეტო ზედამხედველობის სამსახურმაც ეჭვქვეშ დააყენა, როგორ შეძლებს მთავრობა ამ მიზნის შესრულებას.
პენტაგონის კრიტიკა მოჰყვა ჰეგსეტის საიდუმლო დირექტივასაც, რომლის შესახებაც „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მაიკ რაუნდსმა განაცხადა, რომ ის მნიშვნელოვნად ზღუდავს ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნების მონაწილეობას კანადურ კვლევით ცენტრებთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და სოციალურ შეხვედრებში. აშშ-სა და კანადას შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა დონალდ ტრამპის სავაჭრო ომისა და კანადის 51-ე შტატად გადაქცევის შესახებ მისი მუქარების ფონზე, იუწყება სააგენტო.
კანადის ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტმა და მთავრობის ყოფილმა მრჩეველმა, უესლი უორკმა პენტაგონის კრიტიკა შეურაცხმყოფელ და გამაღიზიანებელ განცხადებად შეაფასა. მისი თქმით, ვაშინგტონი სათანადოდ არ ითვალისწინებს კანადის მონაწილეობას ნატოს მისიაში ლატვიაში და უკრაინის მხარდაჭერას.
მაისში პენტაგონის პოლიტიკის ხელმძღვანელმა ელბრიჯ კოლბიმ შეაჩერა აშშ-კანადის თავდაცვის საკონსულტაციო საბჭოს მუშაობა, რომელიც 1940 წელს შეიქმნა. კოლბიმ მაშინ ოტავა სამხედრო ვალდებულებების შესრულების მიმართულებით სარწმუნო პროგრესის არარსებობაში დაადანაშაულა.
პენტაგონის მონაცემებით, 2025-2026 წლებში კანადის საჰაერო ძალების ავიაპარკის მხოლოდ 41,9%, ხოლო სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდების 53,9% იყო ექსპლუატაციისთვის ვარგის მდგომარეობაში. სახმელეთო ჯარების მზადყოფნის მაჩვენებელი კი 48%-ს შეადგენდა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ასევე გააკრიტიკა კანადის გადაწყვეტილება, გადახედოს ამერიკული წარმოების 88 F-35 ტიპის გამანადგურებლის შესყიდვის გეგმას. პენტაგონის შეფასებით, სხვადასხვა ტიპის გამანადგურებლების ერთდროულმა ექსპლუატაციამ შესაძლოა , სამხედრო პერსონალის ისედაც არსებული დეფიციტი კიდევ უფრო გაამწვავოს.
უწყების განცხადებით, კანადის ხელმძღვანელობა სამხედრო ეფექტიანობაზე წინ ქვეყნის შიდა ეკონომიკურ ინტერესებს აყენებს, რაც ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობის (NORAD) მუშაობისთვის გაურკვევლობას ქმნის. ამ ერთობლივ სტრუქტურას აშშ და კანადა ერთად მართავენ.
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ, F-35-ების შესყიდვის საკითხის გადახედვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ტრამპმა კანადის სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დააყენა და ქვეყანას ტარიფები დაუწესა. ოტავა შვედური წარმოების Gripen-ის ტიპის გამანადგურებლების შეძენის შესაძლებლობასაც განიხილავს. ამ ვარიანტმა შესაძლოა, კანადაში წარმოების განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყოს ხელი.





