POLITICO: მერცი ევროკავშირის ბიუჯეტის დაბლოკვით იმუქრება, თუ უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და ბულგარეთი უკრაინის 45-მილიარდიანი სესხის ხარჯებს არ გაიზიარებს
მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი
ფოტო: Getty Images
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ევროკავშირის ბიუჯეტის დაბლოკვით იმუქრება, თუ უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და ბულგარეთი უკრაინისთვის 2027 წლის დაფინანსების მიზნით გასაცემი 45 მილიარდი ევროს სესხთან დაკავშირებული ხარჯების გაზიარებაზე უარს იტყვიან. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
საკითხი ევროკავშირის ლიდერების მიმდინარე კვირის სამიტზე, მომავალი შვიდწლიანი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებების ფონზე ერთ-ერთ მთავარ სადავო თემად იქცევა.
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებს შორის მომავალი შვიდწლიანი ბიუჯეტის საკითხზე მწვავე უთანხმოება უკვე გამოვლინდა. ორშაბათს გამართული სამსაათიანი დისკუსიის შემდეგ, დიპლომატების შეფასებით, წევრი ქვეყნები ჯერ კიდევ არ არიან მზად კომპრომისებზე წასასვლელად.
„ეს შესაძლოა, ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული სამიტი იყოს“, - განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა POLITICO-თან საუბრისას. მისი თქმით, თუ მხარეები პოზიციებს ზედმეტად გაამკაცრებენ, დეკემბერში შეთანხმების მიღწევა ძალიან გართულდება. დეკემბერი მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის არაფორმალურ ვადად არის მიჩნეული.
უთანხმოება განსაკუთრებით მწვავეა ბიუჯეტის საერთო მოცულობისა და დაფინანსების წყაროების საკითხებზე. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, რომლებსაც „ეკონომიურების“ სახელით მოიხსენიებენ, ბიუჯეტის კიდევ უფრო შემცირებას მოითხოვენ. მათ უპირისპირდება სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კოალიცია „კოჰეზიის მეგობრები“, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შეთავაზებული ბიუჯეტი არასაკმარისია.
აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ასევე უარყო ევროკავშირის მასშტაბით ახალი გადასახადების, ე.წ. საკუთარი რესურსების შემოღების იდეა. მათი არგუმენტით, ასეთი გადასახადები მათზე არაპროპორციულად დიდ გავლენას მოახდენს.
როგორც POLITICO წერს, დაძაბულობა იმდენად გაიზარდა, რომ ელჩებმა ერთმანეთში მწვავე შენიშვნებიც გაცვალეს. ერთ-ერთი დიპლომატის ინფორმაციით, გერმანიის წარმომადგენელმა თომას ოსოვსკიმ, შორეული ტერიტორიების დაფინანსება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს ტერიტორიები დაშორებული და მცირედ დასახლებულია. საფრანგეთის წარმომადგენელმა ფილიპ ლეჟლის-კოსტამ კი უპასუხა: „მირჩევნია, თავი ისე მოვაჩვენო, თითქოს ახლახან ნათქვამი არ გამიგონია“.
ამასთან, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას საბიუჯეტო წინადადების მიმართ უფრო შემრიგებლურ პოზიციას იკავებს. კოშტას ინიციატივა მომდევნო ბიუჯეტის მოცულობის დამატებით 44 მილიარდი ევროთი შემცირებას ითვალისწინებს.
რაც შეეხება უკრაინის დაფინანსებას, ევროპელ დიპლომატთა შეფასებით, სესხის საკითხზე ყველაზე მკაცრ პოზიციას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო იკავებს, მაშინ როდესაც უნგრეთი, ჩეხეთი და ბულგარეთი გამოსავლის მოძებნისთვის მზადყოფნას გამოხატავენ.
ბულგარეთის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, შესაძლო კომპრომისი შეიძლება ითვალისწინებდეს უკრაინის დაფინანსებისთვის აღებული სესხის იმ ნაწილის მომსახურების ხარჯების გაზიარებას, რომელიც სამხედრო დანახარჯებს არ მოხმარდება.





