ნატოს გენერალური მდივანი: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე ალიანსის წევრებს შორის ამ დროისთვის ერთსულოვნება არ არსებობს
მსოფლიო

მარკ რუტე
UNIAN
უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე ალიანსის წევრებს შორის ამ დროისთვის ერთსულოვნება არ არსებობს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბერლინში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე განაცხადა.
რუტეს თქმით, უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა არსებობს, თუმცა მოკავშირეებს შორის ამ საკითხზე სრული თანხმობა ჯერჯერობით მიღწეული არ არის.
„ვინ შეიძლება გახდეს ნატოს წევრი, ამას განსაზღვრავს მხოლოდ ნატო. ამ საკითხში ალიანსის შიგნით სრული სიცხადეა“, - ხაზგასმით აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
ამასთან, რუტე არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების თემა რუსეთთან მოლაპარაკებების ნაწილი გახდეს.
„იმისთვის, რომ ასეთ მოლაპარაკებებზე ვიმსჯელოთ, ჯერ საჭიროა, რომ ეს მოლაპარაკებები დაიწყოს“, - დასძინა მან.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სრულფასოვანი წევრობა ნატოში უფრო ეფექტური უსაფრთხოების გარანტია იქნება, ვიდრე ისეთი უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მსგავსია.





