Bloomberg: ევროპაში გაზი მკვეთრად გაძვირდა
მსოფლიო

Bloomberg-ის ცნობით, ევროპაში გაზი მკვეთრად გაძვირდა. ორშაბათს გაზის საბაზისო ფიუჩერსები 8,6%-ით გაიზარდა და მეგავატ-საათზე 96 ევროს მიაღწია. ამის მიზეზი ევროპის საცავებში გაზის მარაგის დაბალი დონე გახდა, რასაც მაღალი სეზონური მოთხოვნა და აცივების პროგნოზი დაერთო.
სინოპტიკოსების მონაცემებით, ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში აცივება დეკემბრის დასაწყისამდე გაგრძელდება. მიმდინარე კვირაში ტემპერატურა ბოლო 30 წლის საშუალო მაჩვენებელზე 3–5 გრადუსით დაბალი იქნება, დეკემბრის დასაწყისში კი - 5–8 გრადუსით. გერმანიაში, დანიასა და ნიდერლანდებში ასევე მოსალოდნელია ქარის შესუსტება, რის გამოც ქარის ენერგიის გამომუშავება შემცირდება.
ევროპის საცავებში გაზის მარაგები ახლა უკვე მნიშვნელოვნად ჩამორჩება საშუალო სეზონურ მაჩვენებლებს. ამასთან, ნორვეგიაში, რომელიც ევროპაში მილსადენის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელია, მიწოდების შეფერხებები შეიქმნა, ახლო აღმოსავლეთში კი გაზის ექსპორტი აშშ-ისა და ირანის ომის გამო შეზღუდულია.
მიმდინარე კვირაში აზიაშიც აცივდება, რამაც შესაძლოა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდებაზე კონკურენციაც გააძლიეროს.
ამ სეზონზე ევროპამ ზამთრისთვის გაზის მარაგების შევსება ვერ მოასწრო. როგორც Bloomberg-ი მანამდე წერდა, ზაფხულში აშშ-ისა და ირანის ომის ფონზე ფასების მკვეთრი ნახტომის გამო, მთავრობები და კომპანიები შესყიდვებს ფასების შემცირების მოლოდინით აჭიანურებდნენ. თუმცა კონფლიქტი გაჭიანურდა, გაზი კი შემოდგომის დასაწყისისთვის, ერთი წლის წინანდელ ფასთან შედარებით, ორჯერ ძვირი ღირდა. სექტემბერში Kpler-ის ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ზამთარში გაზის ფასი მეგავატ-საათზე 100 ევროს ნიშნულს გადააჭარბებდა.





