Financial Times: ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ სურს, კიევმა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას იანვრის დასაწყისამდე მიაღწიოს, ვიდრე კონგრესზე კონტროლს „დემოკრატები“ აიღებენ
მსოფლიო

GettyImages
Financial Times-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ სურს, კიევმა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას იანვრის დასაწყისამდე მიაღწიოს, ვიდრე კონგრესზე კონტროლს „დემოკრატები“ აიღებენ. ამის შესახებ გამოცემას მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა ოთხმა წყარომ აცნობა.
დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა და მისმა სიძემ, ჯარედ კუშნერმა მიმდინარე თვეში აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან მოლაპარაკებები განაახლეს, რითაც ირანში მიმდინარე ომით გამოწვეული რვათვიანი პაუზა დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეში გამართულ შუალედურ არჩევნებში ტრამპის „რესპუბლიკურმა“ პარტიამ კონტროლი დაკარგა როგორც წარმომადგენელთა პალატაზე, ისე სენატზე. მოსალოდნელია, რომ „დემოკრატები“ უკრაინის მხარდაჭერას გააძლიერებენ და მოსკოვზე ზეწოლას გაზრდიან.
ამ ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი მიმდინარე კვირას ჩინეთში ვლადიმირ პუტინს შეხვდა და შემდგომ განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერმა მკაფიოდ აჩვენა მზადყოფნა „მშვიდობისთვის“.
წყაროების ცნობით, კუშნერმა და უიტკოფმა ბოლო დღეებში რუს, უკრაინელ და ევროპელ წარმომადგენლებთან შეხვედრები მოსკოვში, დუბლინსა და ბერლინშიც გამართეს, სადაც სწრაფი მოქმედების აუცილებლობაზე მიუთითეს. მოლაპარაკებების დაჩქარებულმა ტემპმა უკრაინელ და ევროპელ მაღალჩინოსნებში შეშფოთება გამოიწვია.
„ამერიკელები ძლიერ ზეწოლას ახდენენ და არსებობს გარკვეული შეშფოთება, რომ შეთანხმებასთან მიახლოებასაც კი უკრაინის მხრიდან დიდი დათმობები დასჭირდება“, - განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა კუშნერთან და უიტკოფთან შეხვედრის შემდეგ.
სხვა ევროპელი წყაროს თქმით კი, „ამერიკელები ჩქარობენ, პუტინი კი არსად ჩქარობს“.
როგორც უკრაინელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, ამ ვადებმა კიევში გაზარდა შიში იმისა, რომ კონგრესში „დემოკრატების“ მოსვლამდე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა იძულებული გახდეს მოსკოვის პირობებზე აგებული შეთანხმება მიიღოს.





