იტალიის ვიცე-პრემიერი უკრაინულ ვებგვერდ „მიროტვორეცზე“: ზელენსკის დუმილი ამ საიტთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანებს ემუქრება და ნაციზმისა და ფაშიზმის ეპოქის მსგავს სიებს ადგენს, კარგი დუმილი არ არის - ზელენსკიმ ბოდიში მოიხადოს შავ სიაში ჩემი სახელის შეყვანის გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კიევის დახმარებაზე აისახება
მსოფლიო

იტალიის ვიცე-პრემიერ მატეო სალვინისა და კიევს შორის დაპირისპირება გრძელდება, რაც უკრაინისთვის დახმარების გახანგრძლივების კენჭისყრის წინ სალვინის პოზიციასა და უკრაინულ ვებგვერდ „მიროტვორეცზე“ მისი მონაცემების გამოქვეყნებას უკავშირდება, სადაც იგი კიევის მიმართ მტრულად განწყობილ პირთა სიაშია შეყვანილი, - წერს იტალიური საინფორმაციო სააგენტო TGCOM24.
მანამდე სალვინიმ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ბოდიშს ელოდება, რაზეც უკრაინის საელჩომ უპასუხა, რომ აღნიშნული საიტი „სახელმწიფოს ოფიციალურ საინფორმაციო წყაროს არ წარმოადგენს“. ამის შემდეგ იტალიის ვიცე-პრემიერმა საპასუხო განცხადება გააკეთა.
„როგორც მახსოვს, არსებობს ევროპარლამენტის მოთხოვნა, დაიხუროს საიტი, რომელმაც ძალადობა და ნაცისტური სტილის სიების შედგენა თავის არსებობის წესად აქცია. ვიმედოვნებ, უკრაინის ხელისუფლება დახურავს ვებგვერდს, რომელიც სიძულვილისა და სიკვდილის შემცველ გზავნილებს ავრცელებს. ამიტომ მისასალმებელია, რომ უკრაინის ელჩი მას გაემიჯნა და თუ ისინი შეასრულებენ იმას, რასაც ევროპა ითხოვს, ყველა კმაყოფილი იქნება“, - აღნიშნა სალვინიმ.
ვიცე-პრემიერმა უშუალოდ ვოლოდიმირ ზელენსკისაც მიმართა: „ვიმედოვნებ, რომ ისიც გაემიჯნება ამ საიტს, ველოდები, რადგან ამ ვებგვერდზე მოხვედრილი ჟურნალისტები მოკლეს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ მხარი დავუჭირეთ ყველა სახის დახმარებას - ჰუმანიტარულს, სამხედროს, ეკონომიკურსა და სოციალურს. ჩინეთიდან თვითმფრინავით დაბრუნებისას ვკითხულობდი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ევროპას ჰკითხა, რატომ აგრძელებთ მილიარდების გაგზავნას. საკუთარ თავს ვეკითხები, არის თუ არა კონფლიქტის დასრულებასთან მიახლოების გზა მორიგი სანქციები, იარაღი და მილიარდები. ამას ამბობს ადამიანი, რომელიც ყოველთვის უჭერდა მხარს ამ დახმარებას, თუმცა ზელენსკის დუმილი ამ საიტთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანებს ემუქრება და ნაციზმისა და ფაშიზმის ეპოქის მსგავს სიებს ადგენს, კარგი დუმილი არ არის“.
უკრაინულ ვებგვერდ „მიროტვორეცის“ ე.წ. შავ სიაში იტალიელი პოლიტიკოსების შეყვანისა და იტალიის მთავრობის მხრიდან განმარტებების მოთხოვნის შემდეგ, რომში უკრაინის საელჩომ სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გაავრცელა.
დიპლომატიური უწყების განმარტებით, ვებგვერდი „არ წარმოადგენს უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალურ საინფორმაციო წყაროს, არ შედის უკრაინის სახელმწიფო ორგანოების სისტემაში და არ არის უფლებამოსილი, წარმოადგენდეს ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას“.
საელჩო „შეუფერებლად“ მიიჩნევს „არაოფიციალური წყაროების“ ინფორმაციის გამოყენებას „უკრაინის პოზიციის დამახინჯებული სურათის შესაქმნელად ან ორმხრივ ურთიერთობებში დაძაბულობის ხელოვნურად გასაღვივებლად“. დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „მყარი რჩება“.





