რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: კიევისთვის ნატოში კვაზიწევრობის ფორმულის მოძებნაც კი და ამ სფეროში რაღაც, ბრჭყალებში, კრეატიული გადაწყვეტილების ძიება ჩვენთვის მიუღებელი ვარიანტია
მსოფლიო

სერგეი რიაბკოვი
TASS
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ დათანხმდება არანაირ შეთანხმებას, რომელიც ნატოში უკრაინის ფაქტობრივ ან ნაწილობრივ წევრობას გაითვალისწინებს.
„მინდა ვთქვა, რომ კიევისთვის ნატოში კვაზიწევრობის ფორმულის მოძებნაც კი და ამ სფეროში რაღაც, ბრჭყალებში, კრეატიული გადაწყვეტილების ძიება ჩვენთვის მიუღებელი ვარიანტია“, - აღნიშნა რიაბკოვმა „ინტერფაქსის“ კითხვაზე პასუხისას, რომელიც უკრაინისთვის ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლის ანალოგიური უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების შესაძლებლობას ეხებოდა.
მისი თქმით, რუსული მხარე უსაფრთხოების გარანტიებს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ქვეყნის დაცვის კუთხით განიხილავს.
რიაბკოვი მიიჩნევს, რომ კიევმა უნდა აღიაროს რუსეთის მოთხოვნა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობის შესახებ. „როდესაც ეს მოხდება, ვფიქრობ, უსაფრთხოების გარანტიების საკითხი ასე თუ ისე შეიძლება განიხილონ“, - დასძინა მან.
ამასთან, რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მოსკოვი უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს, თუმცა ნატოში უკრაინის გაწევრიანების ვარიანტების განხილვას გამორიცხავს. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს სრულიად მიუღებელი ოფციაა“, - ხაზგასმით აღნიშნა რიაბკოვმა.





