POLITICO: ევროკავშირი სანქციების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად შვედ დიპლომატს ლარს დანიელსონს დანიშნავს
მსოფლიო

ლარს დანიელსონი იულია სვირიდენკო
ფოტო: EPA
ევროკავშირის სანქციების სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას შვედი დიპლომატი ლარს დანიელსონი დაიკავებს. ინფორმაციას POLITICO ევროკავშირის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დანიელსონი ამ პოსტზე დევიდ ო’სალივანს შეცვლის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების სათანადო აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი.
POLITICO-ს წყაროების ცნობით, დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადების გავრცელება ოთხშაბათს, ევროკომისართა კოლეგიის ყოველკვირეული შეხვედრის შემდეგ არის მოსალოდნელი.
ლარს დანიელსონი შვედეთისა და ევროკავშირის პოლიტიკაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დიპლომატია. 2016-დან 2023 წლამდე ის ევროკავშირში შვედეთის მუდმივი წარმომადგენელი იყო. დანიელსონი აქტიურად მონაწილეობდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებებში, მათ შორის შვედეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს ექვსთვიანი თავმჯდომარეობის პერიოდში, 2023 წლის პირველ ნახევარში.
როგორც POLITICO წერს, დევიდ ო’სალივანი თანამდებობას თითქმის ოთხი წლის შემდეგ ტოვებს. ის ევროკავშირის სანქციების აღსრულების საკითხებში პირველი საერთაშორისო სპეციალური წარმომადგენელი იყო.
დანიელსონის დანიშვნასთან ერთად, ევროკომისია სანქციების საკითხებზე ახალი სპეციალური სამსახურის შექმნის გეგმასაც დააზუსტებს. ევროკავშირის ერთ-ერთი ოფიციალური პირის ინფორმაციით, ახალი უწყება ევროკომისიის გენერალურ სამდივნოში იქნება და არა ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური მომსახურებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალურ დირექტორატში (DG FISMA), სადაც აქამდე ძირითადად სანქციებთან დაკავშირებულ სამუშაოს უწევდნენ კოორდინაციას.
ეს ცვლილება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს სანქციების პოლიტიკის გატარებაზე უფრო პირდაპირი ზედამხედველობის შესაძლებლობას მისცემს. გენერალური სამდივნო ევროკომისიის პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურაა, რომელიც სხვადასხვა დეპარტამენტის მუშაობის კოორდინაციას უწევს და უზრუნველყოფს, რომ კომისიის პოლიტიკა პრეზიდენტის პრიორიტეტებს შეესაბამებოდეს.
ევროკავშირის ოფიციალური პირის განმარტებით, ახალი სამსახურის გენერალურ სამდივნოში გადატანის მიზანი სანქციებთან დაკავშირებული გამოცდილებისა და კომპეტენციების გაერთიანებაა, რომლებიც ამჟამად ევროკომისიის სხვადასხვა დეპარტამენტშია განაწილებული.





