AXIOS: Starshield-ის შეზღუდვის გამო უკრაინელი სამხედროების დრონების ოპერაციების 100% ჩავარდა - კიევი პენტაგონისა და SpaceX-გან განმარტებას ითხოვს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
Starshield-ის სატელიტური სისტემის მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო უკრაინელი სამხედროების დრონების ოპერაციების 100% ჩავარდა. ინფორმაციას AXIOS-ი უკრაინის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, შეზღუდვები სამდღიანი პერიოდის განმავლობაში ეტაპობრივად გამკაცრდა. კიევი მომხდარის განმარტებას პენტაგონისა და ილონ მასკის კომპანია SpaceX-გან ითხოვს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლისგან მიიღო ინფორმაცია Starshield-ის მუშაობაში მნიშვნელოვანი შეფერხებების შესახებ. მისი თქმით, პრობლემები ფრონტის მთელ ხაზზე და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა.
„უკრაინელმა სამხედროებმა გარემოებები უკვე შეისწავლეს და ეს შემთხვევითი ხარვეზები კი არა, სიჩქარის სისტემური შეზღუდვებია. ამერიკულ მხარესთან ერთად ვცდილობთ, ყველა გარემოება დავადგინოთ“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
უკრაინელი ოფიციალური პირის განცხადებით, შეზღუდვები სამი დღის წინ დაიწყო. პირველ დღეს დრონების ოპერაციების 10% ფერხდებოდა, მეორე დღეს - 50%, ხოლო მესამე დღეს შეზღუდვების გამო მისიების 100% ჩავარდა.
აშშ-ში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დენის სიენიკმა განაცხადა, რომ Starshield-ის სისტემა ითიშება, როდესაც დრონები საათში 100 მილზე მეტი სიჩქარით გადაადგილდებიან. მისი თქმით, ამ დროისთვის კიევს არც SpaceX-გან და არც პენტაგონისგან მომხდარის შესახებ განმარტება არ მიუღია.
თავის მხრივ, SpaceX-ში Axios-ს განუცხადეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სისტემაში არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა.
AXIOS-ის ცნობით, შეზღუდვები მანამდე დაიწყო, სანამ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი კრემლში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდებოდნენ. მოგვიანებით ისინი დუბლინში ზელენსკისთან შეხვედრასაც გეგმავდნენ.
ამასთან, აშშ-ის კონგრესის უკრაინის მხარდამჭერმა ორპარტიულმა ჯგუფმა Starshield-ის მუშაობის შეფერხების შესახებ ცნობებს „უკიდურესად შემაშფოთებელი“ უწოდა და ტრამპის ადმინისტრაციისა და SpaceX-გან მომხდარის სრულად განმარტება მოითხოვა.





