Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი თანამდებობიდან გადადგა - მიზეზად ორი სასიყვარულო ურთიერთობა სახელდება, რომელთაგან ერთ-ერთი, ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ქალს უკავშირდება
მსოფლიო

ჯენსენ ჰუანგი
ფოტო: Reuters
ამერიკული კომპანიის Nvidia-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი თანამდებობიდან გადადგა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი ორი სასიყვარულო ურთიერთობა გახდა - ერთი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ქალთან, მეორე კი, კომპანიის თანამშრომელთან.
ერთ-ერთი ურთიერთობა სინგაპურში დაფუძნებული მონაცემთა კომპანიის Megaspeed-ის ხელმძღვანელს, ალის ჰუანგს უკავშირდებოდა. კომპანია Nvidia-ს ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელია. აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ალის ჰუანგი ჩინეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობს.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ხელმძღვანელს ასევე ჰქონდა ურთიერთობა კომპანიის მაღალი რანგის მენეჯერთან კიმბერლი პაუელთან, რომელიც Nvidia-ს ჯანდაცვის მიმართულებას ხელმძღვანელობს. ამ ურთიერთობის შესახებ მანამდე The New York Times-იც წერდა.
63 წლის ჯენსენ ჰუანგი Nvidia-ს უმსხვილესი აქციონერია. მას კომპანიის დაახლოებით 3,6% ეკუთვნის. ის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია.
ჰუანგის შემცვლელის დანიშვნამდე Nvidia-ს დროებით აღმასრულებელ დირექტორად, ფინანსური დირექტორი კოლეტ კრესი იმუშავებს.
კომპანიაში განაცხადეს, რომ დირექტორთა საბჭო ახალი ხელმძღვანელის შერჩევის პროცესს იწყებს და როგორც შიდა, ისე გარე კანდიდატებს განიხილავს. ამასთან, საბჭომ დიდი ხნის წევრი ჰარვი ჯონსი Nvidia-ს ისტორიაში პირველ თავმჯდომარედ დანიშნა. ჯონსი კომპანიის დირექტორთა საბჭოს 1993 წელს, Nvidia-ს დაარსების წელს შეუერთდა.
„ვაცნობიერებ, რომ ეს განსაკუთრებით რთული პერიოდი იყო“, - წერს კოლეტ კრესი თანამშრომლებისთვის გაგზავნილ შიდა წერილში, რომელიც The Wall Street Journal-მა მოიპოვა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში თანამშრომლებს კომპანიის მომავალთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მიაწვდის. კრესი ასევე გეგმავს, 18 ნოემბერს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართოს.
The Wall Street Journal-მა ჯერ კიდევ ოთხშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ Nvidia-ს დირექტორთა საბჭო ჰუანგის თანამდებობიდან გადაყენებისთვის ემზადებოდა.
მისი წასვლით სრულდება ეპოქა, რომლის განმავლობაშიც ჰუანგმა ხელოვნური ინტელექტის გლობალური ბუმის გაძლიერებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და გეოპოლიტიკურად გავლენიან ფიგურად იქცა. ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიას ახალი ხელმძღვანელის მოძებნა მოუწევს.





