ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ბაჰრეინში აშშ-ის ადრეული გაფრთხილების რადარს დაარტყა
მსოფლიო

ფოტო: Reuters
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ადრეული გაფრთხილების რადარი დაბომბა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა სექტემბრის შემდეგ, როდესაც ირანულმა მხარემ სპარსეთის ყურის ქვეყანაში ამერიკულ სამხედრო ობიექტზე თავდასხმის შესახებ განაცხადა.
ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, დარტყმა პასუხი იყო ირანის ჰორმოზგანის პროვინციაში, სირიკის რაიონში მდებარე სატელეკომუნიკაციო ანძაზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმაზე.
განცხადება ირანსა და აშშ-ს შორის კონფლიქტში შედარებითი სიმშვიდის ფონზე გავრცელდა. დაპირისპირება 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით დაიწყო და მოგვიანებით რეგიონის სხვა ქვეყნებზეც გავრცელდა.
ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო და დრონებით შეტევები განახორციელა და ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილების შეზღუდვასაც შეეცადა. ეს სრუტე გლობალური ნავთობისა და გაზის მიწოდებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტია.
თავის მხრივ, ვაშინგტონმა ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა დააწესა.
აშშ-სა და ბაჰრეინის ხელისუფლებებს ირანის განცხადებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.





