Reuters: ნორვეგია რუს და ბელარუს სპორტსმენებს ქვეყანაში დაგეგმილ შეჯიბრებებში მონაწილეობას აუკრძალავს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
ნორვეგიის მთავრობა რუს და ბელარუს პროფესიონალ სპორტსმენებს, ასევე მათი გუნდების წევრებს, ქვეყანაში არ შეუშვებს, თუ ისინი ნორვეგიაში სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად ჩასვლას შეეცდებიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომით არის განპირობებული, უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.
ნორვეგიის ხელისუფლების განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და სპორტის რამდენიმე საერთაშორისო ფედერაციამ, ბოლო თვეებში რუსეთის საერთაშორისო შეჯიბრებებში დაბრუნების პროცესი დაიწყეს. მანამდე რუს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აეკრძალათ.
ოსლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობაზე ზამთრის რამდენიმე მსოფლიო თასის ეტაპზე. მათ შორისაა 20-22 ნოემბერს ლილეჰამერში დაგეგმილი შეჯიბრება, რომლითაც სათხილამურო ხტომებში მსოფლიო თასის სეზონი გაიხსნება.
„რუსეთის ელიტურ სპორტს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის ხელისუფლებასა და სახელმწიფო სტრუქტურებთან. შესაბამისად, მთავრობა მიიჩნევს, რომ რუსი სპორტსმენების მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებებში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომისგან დამოუკიდებლად ვერ განიხილება“, - ნათქვამია ნორვეგიის მთავრობის განცხადებაში.
უწყების განცხადებით, „ბელარუსი მხარს უჭერდა და ხელს უწყობდა რუსეთის სამხედრო მოქმედებებს“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ქვეყნები, რომლებიც რუსეთის საერთაშორისო სპორტში დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან, მათ შორის ყინულის ჰოკეიში, არღვევენ სპორტსმენებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების უფლებებს.
მოსკოვის ახლო მოკავშირემ ბელარუსმა ბოლო წლებში არაერთხელ გააკრიტიკა იმ ქვეყნების გადაწყვეტილებები, რომლებმაც მის სპორტსმენებს შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალეს. მინსკის პოზიციით, სპორტი საერთაშორისო პოლიტიკისგან გამიჯნული უნდა იყოს.





