უკრაინელმა დეპუტატმა გონჩარენკომ, დანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი ზელენსკი ტრამპზე ხუმრობის გამო გააკრიტიკა და ეჭვქვეშ დააყენა მისი სურვილი ომის დასრულების თაობაზე
მსოფლიო

ალექსეი გონჩარენკო
ფოტო: Facebook
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ დანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე ხუმრობის გამო გააკრიტიკა და ეჭვქვეშ დააყენა მისი სურვილი ომის დასრულების თაობაზე.
„იქნებ როგორმე შევთანხმდეთ ენერგეტიკულ ზავზე, რათა ზამთარი გადავიტანოთ? თუმცა ამის ნაცვლად რას ვიღებთ? ვიღებთ პრეზიდენტს, რომელიც მოლაპარაკებების დღეს, დანიის პარლამენტში გამოსვლისას, ამერიკის პრეზიდენტზე ხუმრობს. ვინმეს მართლა ეცინება ამაზე?
მესმის, შესაძლოა დანიაში ეს სასაცილო იყო, რადგან დანიელები თბილად სხედან, აქვთ გათბობა და ელექტროენერგია. მათ ქუჩებში არ იჭერენ, ძალით არ ტენიან მიკროავტობუსებში და ყოველდღიურად არ იღუპებიან ფრონტზე და ზურგში. შესაძლოა, მათ გაეცინათ. მაგრამ ჩვენთვის ეს სასაცილო არ არის. ჩვენთვის სასაცილო არ არის, როგორ შეიძლება დღისით ამერიკის პრეზიდენტზე ხუმრობდე, საღამოს კი მისგან ელოდებოდე, რომ პუტინთან შეხვედრას ორგანიზებას გაუწევს, რათა მშვიდობის მიღწევა გახდეს შესაძლებელი.
საერთოდ, როგორ თავსდება ეს ყველაფერი ერთი ადამიანის ტვინში? ვოლოდიმირ ოლექსანდროვიჩ, გულწრფელად გვითხარით, გსურთ მშვიდობა თუ არა? იქნებ, საერთოდ არ გსურთ მშვიდობა? მაშინ ეს პირდაპირ უნდა თქვათ. რადგან ჩვენ ყველას, უკრაინელებს, მშვიდობა გვინდა. ამ ფიქრით ვიძინებთ და ამ ფიქრით ვიღვიძებთ.
რა აზრი აქვს ამ ხუმრობებს? შეგიძლია დატოვო „95-ე კვარტალი“, მაგრამ, როგორც ჩანს, „95-ე კვარტალი“ შენგან ვერასოდეს გამოვა“, - განაცხადა გონჩარენკომ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას.
აღსანიშნავია, რომ გუშინ დანიის პარლამენტში გამოსვლისას ზელენსკიმ დონალდ ტრამპზე იხუმრა და განაცხადა: „შესაძლოა, ვიღაცამ ოდესღაც ამერიკაში გრენლანდიის მითვისება გადაწყვიტა, მაგრამ ვერ გაითავისა, რომ სინამდვილეში მას სჭირდებოდა არა მიწა, არამედ ის, რომ ოდნავ დანიელი გამხდარიყო“.





