პიტ ჰეგსეტი „დემოკრატებზე“: ისინი თავს მესხმიან, თავს გვესხმიან იმიტომ, რომ ჩვენ ეფექტიანები ვართ. მათ არაფერი გამოუვათ. ჩვენ უკან არ დავიხევთ
მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი
ფოტო: Reuters
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კონგრესში მისი იმპიჩმენტის მცდელობას შეეწინააღმდეგება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მან ასევე დაიცვა ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია და მას „გაბედული და ისტორიული“ უწოდა. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც შუალედურ არჩევნებში ამომრჩევლებმა „რესპუბლიკელები“ ირანთან ომის გამო დასაჯეს.
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეომიმართვა იმ ფონზე გავრცელდა, როდესაც კონგრესში ჰეგსეტის მოწინააღმდეგეების კრიტიკა ძლიერდება. ამასთან, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავი აარიდა კითხვას, აპირებს თუ არა თავდაცვის მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლებას. მან პენტაგონის ხელმძღვანელი შეაქო.
წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატმა“ ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა სოციალურ ქსელში დაწერა: „რატომ არის პიტ ჰეგსეტი ჯერ კიდევ თანამდებობაზე?“
Reuters-ის ცნობით, ჰეგსეტს არაერთგვაროვანი რეპუტაცია აქვს და მოწინააღმდეგეები „რესპუბლიკურ“ პარტიაშიც ჰყავს. კონგრესში მისი კრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ ირანთან ომის მართვას, სამხედრო მაღალჩინოსნების გათავისუფლების გადაწყვეტილებებს და კანონმდებლებთან დაძაბულ ურთიერთობას. ეს ვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ადმინისტრაცია თავდაცვის ხარჯების 1,5 ტრილიონ დოლარამდე გაზრდას ითხოვს.
ოთხ წუთზე ხანგრძლივ ვიდეომიმართვაში ჰეგსეტმა პენტაგონის ხელმძღვანელობა დაიცვა. მან მიღწევებად დაასახელა თავდაცვის უწყების მაღალი რანგის ხელმძღვანელების გათავისუფლება, მრავალფეროვნების ხელშემწყობი პროგრამების გაუქმება და ტრანსგენდერი პირებისთვის სამხედრო სამსახურის აკრძალვა.
„ისინი თავს მესხმიან, თავს გვესხმიან იმიტომ, რომ ჩვენ ეფექტიანები ვართ. მათ არაფერი გამოუვათ. ჩვენ უკან არ დავიხევთ“, - განაცხადა ჰეგსეტმა.
მან იმპიჩმენტის მცდელობას „ფარსი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ოპონენტებმა ორჯერ სცადეს პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტი.
„ეს ყველაფერი პიროვნების პოლიტიკური განადგურების მცდელობაა. ეს პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ არ გამოუვიდათ და არც ჩემ წინააღმდეგ გამოუვათ. ამაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ“, - თქვა ჰეგსეტმა.





