ზელენსკი: უკრაინაში არჩევნები შესაძლოა ზამთარში ჩატარდეს, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანაში არჩევნების ჩატარება შესაძლოა ზამთარშივე გახდეს შესაძლებელი, თუმცა ამისთვის აუცილებელია შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიოს.
ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა, ნიშნავს თუ არა ხმის მიცემის ორგანიზებასთან დაკავშირებული სირთულეები, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები და ფრონტის ხაზზე მებრძოლი სამხედროები იმას, რომ უკრაინაში არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გაიმართება.
ზელენსკიმ უპასუხა, რომ ამ ეტაპზე კიევი სწორედ ასე აფასებს ვითარებას, თუმცა ვაშინგტონს უკვე წარუდგინა წინადადებები იმ პირობებთან დაკავშირებით, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც არჩევნების ჩატარება ზამთარშივე იქნება შესაძლებელი.
„დიახ, ჩვენ ვითარებას სწორედ ასე ვხედავთ. თუმცა ჩვენ წინადადებები უკვე წარმოვადგინეთ. ამერიკელებს ვუთხარი, რომ მათ შეუძლიათ რუსებთან ზამთრის პერიოდისთვის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ შემთხვევაში ადამიანებს ელექტროენერგია და წყალი ექნებათ, ჩვენ კი არჩევნების ჩატარებასაც შევძლებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამავე ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არჩევნების ორგანიზება რთულია, რადგან მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ხმის მიცემას ვერ შეძლებს.
მათ შორის არიან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ფრონტის ხაზზე, სანგრებში იმყოფებიან. ზელენსკის თქმით, ქვეყნის მეთაურის არჩევის შესაძლებლობა, პირველ რიგში, სწორედ სამხედროებს უნდა მიეცეთ, რადგან მათ უკრაინის დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს და მის დაცვას კვლავ განაგრძობენ. პრეზიდენტის შეფასებით, მათი მონაწილეობის გარეშე არჩევნების ჩატარება უსამართლო იქნება.
ზელენსკის განცხადებით, ხელისუფლება უკრაინაში არჩევნების ონლაინფორმატით ჩატარების შესაძლებლობასაც განიხილავს. ამ საკითხის მოსაგვარებლად შესაბამისი გადაწყვეტილება უმაღლესმა რადამ უნდა შეიმუშაოს.
აგვისტოში უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ პარლამენტი მუშაობდა კანონპროექტზე, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარებას შესაძლებელს გახდიდა. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე უკრაინაში არჩევნების გამართვა კვლავ შეუძლებელია.





