Reuters: ბელგიაში მიიღეს კანონი, რომელიც პოლიციას უფლებას აძლევს შევიდეს იმ მიგრანტების საცხოვრებლებში, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან
მსოფლიო

ბარტ დე ვევერი
ფოტო: Reuters
ბელგიის პარლამენტმა დაამტკიცა სადავო კანონი, რომელიც პოლიციას უფლებას აძლევს შევიდეს იმ მიგრანტების საცხოვრებლებში, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან და დატოვების შესახებ მიღებულ ბრძანებებს არ ემორჩილებიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კანონი პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერის მემარჯვენე კოალიციის უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მიგრაციის შეზღუდვასა და იმ პირების გაძევების გაზრდას ისახავს მიზნად, რომლებსაც ქვეყანაში დარჩენის უფლება არ მიეცათ.
კანონპროექტს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები და იურისტები მკაცრად ეწინააღმდეგებიან. მათი განცხადებით, საიმიგრაციო კონტროლის მიზნით პოლიციისთვის კერძო საცხოვრებლებში შესვლის უფლების მინიჭება შესაძლოა კონსტიტუციური უფლებებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კანონების დარღვევის რისკს ქმნიდეს. მათ საპროტესტო აქციაც კი გამართეს.
როგორც სააგენტო წერს, პოლიციას საცხოვრებლების ჩხრეკის უფლება მხოლოდ იმ პირების შემთხვევაში ექნება, რომლებსაც ბელგიამ თავშესაფრის მიღებაზე უარი უთხრა, ქვეყნის დატოვების ბრძანებას არ დაემორჩილნენ და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევიან.
საცხოვრებლის ჩხრეკისთვის მოსამართლის თანხმობა იქნება საჭირო. პროცედურა მხოლოდ დილის 5-იდან 9 საათამდე პერიოდში, საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლების თანდასწრებით ჩატარდება.
კენჭისყრამდე ორგანიზაცია Amnesty International-მა კანონმდებლებს მოუწოდა, კანონპროექტი არ დაემტკიცებინათ. ორგანიზაციის განცხადებით, კანონი შესაძლოა იმ ადამიანებზეც გავრცელდეს, რომლებიც არალეგალურ მიგრანტებს დახმარებას უწევენ.
ბელგიის მთავრობა კი ამტკიცებს, რომ ეს ზომა იმ პირების გაძევების შესახებ ბრძანებების აღსრულების ინსტრუმენტია, რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევიან.





