Reuters: უკრაინის Starshield-ის კონტრაქტს აშშ-თან ვადა მომავალ წელს ეწურება
მსოფლიო

ფოტო: Reuters
უკრაინის მთავრობასა და აშშ-ს შორის Starshield-ის სატელიტური ქსელით სარგებლობის შესახებ გაფორმებულ კონტრაქტს ვადა მომავალ წელს ეწურება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კიევი ახალი შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას სასწრაფოდ ითხოვს.
უკრაინის ომში Starshield-ის მნიშვნელოვანი როლი განსაკუთრებით თვალსაჩინო გასულ თვეში გახდა, როდესაც უკრაინის სამხედრო მეთაურებმა მოულოდნელად დაწესებული სიჩქარის შეზღუდვები აღმოაჩინეს. ამან რუსული დრონების ჩამოგდება შესაძლებლობა შეაფერხა და უკრაინელი სამხედროები იძულებული გახდნენ, რომ ზოგიერთი ოპერაცია გაეუქმებინათ.
ვაშინგტონში უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის დენის სიენიკის განცხადებით, კიევს მომხდარის შესახებ არც ვაშინგტონისგან და არც SpaceX-ისგან, რომელიც ილონ მასკის ხელმძღვანელობით აშშ-ის მთავრობას Starshield-ის სამხედრო მომსახურებას აწვდის, განმარტება არ მიუღია. კომპანიის კომერციული სერვისი Starlink-ი კი მსოფლიოს მასშტაბით არის ხელმისაწვდომი.
„Starshield-თან დაკავშირებულ კონტრაქტს ვადა მომავალ წელს ეწურება. გვესმის, რომ ახალი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს დრო სჭირდება. სწორედ ახლაა ამის დაწყების დრო. გვინდა, რომ მკაფიო პასუხი მივიღოთ, შეგვიძლია თუ არა თანამშრომლობის გაგრძელება და რა პირობებით“, - განუცხადა სიენიკმა ვაშინგტონში თავდაცვის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტთა ჯგუფს.
სიენიკს კონტრაქტის ვადის ამოწურვის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია და მხოლოდ აღნიშნა, რომ ეს მომავალი წლის შუა პერიოდში მოხდება.
Starshield-თან დაკავშირებული პრობლემები აშშ-სა და უკრაინას შორის ურთიერთობებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან ერთ-ერთია, რამაც კიევში შეშფოთება გამოიწვია. უკრაინა 2022 წლის თებერვალში დაწყებული რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისგან თავის დაცვას განაგრძობს, - წერს სააგენტო.
უკანასკნელ კვირებში უკრაინა აცხადებდა, რომ გარკვეულ პერიოდში რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შესახებ აშშ-გან სადაზვერვო ინფორმაციის მიღებაში შეფერხებები ჰქონდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამდა აშშ-ის მხრიდან Patriot-ისა და NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საჭირო რაკეტების მიწოდების შეფერხების გამო. ეს სისტემები ქვეყანას რუსეთის თავდასხმებისგან დასაცავად სჭირდება. ზელენსკიმ ასევე გააკრიტიკა ტრამპის შეთანხმება რუსეთთან დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ.
თავის მხრივ, ტრამპმა ზელენსკი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმების გამო გააკრიტიკა. საწვავზე მაღალი ფასები კი აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ ტრამპის თანაპარტიელ „რესპუბლიკელებზე“ წნეხს ზრდიდა.
სიენიკის განცხადებით, უკრაინამ Starshield-თან დაკავშირებით მომხდარის შესახებ განმარტებები აშშ-ის სხვადასხვა უწყებისგან, მათ შორის პენტაგონისა და თეთრი სახლისგან, ასევე SpaceX-ისგან მოითხოვა.
„პასუხი არავის გაუცია“, - განაცხადა დიპლომატმა.





