AXIOS: ირანის ომთან დაკავშირებით ჯეი დი ვენსის განცხადების შემდეგ ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა
მსოფლიო

ჯეი დი ვენსი
ფოტო: Getty Images
გამოცემა AXIOS-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ნავთობის ფასები მკვეთრად შემცირდა. ინვესტორები აფასებენ იმ სიგნალებს, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ფართოდ გავრცელებულ განცხადებას, რომლებიც მიუთითებს, რომ შუალედური არჩევნების შედეგები თეთრ სახლზე ირანთან კონფლიქტიდან გამოსავლის ძიების მიმართულებით ზეწოლას გაზრდის.
ასე, ოთხშაბათს ნავთობის ფასი ბარელზე დაახლოებით 8 დოლარით დაეცა. ვარდნა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ვენსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „ყველამ იცის“, „რესპუბლიკელების“ მძიმე საარჩევნო მარცხის მიზეზი ირანთან ომია და „ნებისმიერი გულწრფელი მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ მოქმედება, სწორედ ამ საკითხით უნდა დაიწყოს“.
„დემოკრატმა“ სენატორმა ჩაკ შუმერმა, რომელიც მომდევნო მოწვევის კონგრესში, სავარაუდოდ, სენატის უმრავლესობის ლიდერი გახდება, პირობა დადო, რომ „დემოკრატები“ ომის დასრულებას მოითხოვენ.
„ნავთობის ფასების ვარდნა მთლიანად აშშ-ის არჩევნებსა და იმ მოლოდინს უკავშირდება, რომ ტრამპი ირანთან მიმართებით ესკალაციის ნაცვლად დეესკალაციის გზას აირჩევს. ჯეი დი ვენსის განცხადებამ ეს განწყობა კიდევ უფრო გააძლიერა“, - განუცხადა AXIOS-ს ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა ბენ კეილმა.
საინვესტიციო კომპანია Raymond James-ის ანალიტიკოსმა პაველ მოლჩანოვმა ჟურნალისტებისთვის გავრცელებულ კომენტარში ვენსის განცხადებას ნავთობის ფასების დღევანდელი ვარდნის „მთავარი გამომწვევი ფაქტორი“ უწოდა.





