Reuters: „დემოკრატიული“ კონგრესის პირობებში აშშ-ის საგარეო პოლიტიკა შესაძლოა ხუთი მიმართულებით შეიცვალოს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის შუალედურ არჩევნებში „დემოკრატებმა“ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი მოიპოვეს. ამით მათ ვაშინგტონში მნიშვნელოვანი ძალაუფლება მიიღეს მას შემდეგ, რაც კონგრესს ორი წლის განმავლობაში „რესპუბლიკელები“ აკონტროლებდნენ, იუწყება Reuters-ი.
საარჩევნო კამპანიის დროს „დემოკრატები“ აცხადებდნენ, რომ „რესპუბლიკელებმა“ კონგრესს კონსტიტუციით მინიჭებული ომის გამოცხადებისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაუთმეს. ახლა კი მოსალოდნელია, რომ ისინი ამ უფლებამოსილებების შეზღუდვას შეეცდებიან.
Reuters-ის განმარტებით, „დემოკრატების“ მიერ კონგრესზე კონტროლის მოპოვებამ შესაძლოა, ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე გავლენა ხუთი მიმართულებით მოახდინოს.
ირანთან ომის შეზღუდვა
28 თებერვალს ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე, ტრამპს კონგრესის თანხმობა არ მიუღია. „დემოკრატებმა“ არაერთხელ დაუჭირეს მხარი საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნას, თუ პრეზიდენტი კონგრესისგან ომის გაგრძელების უფლებამოსილებას არ მიიღებდა.
ერთ-ერთ ასეთ რეზოლუციას წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა რამდენიმე „რესპუბლიკელის“ მხარდაჭერითაც დაუჭირეს მხარი, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ ის უგულებელყო.
კონგრესში გაძლიერებული პოზიციების გამოყენებით, „დემოკრატებს“ შეუძლიათ, თავდაცვის ხარჯები შეამცირონ ან ადმინისტრაციის საკვანძო თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატურების დამტკიცება შეაფერხონ. ამ გზით ისინი ტრამპზე ზეწოლას მოახდენენ, რათა ომის გასაგრძელებლად კონგრესის თანხმობა მოიპოვოს.
გარდა ამისა, „დემოკრატებს“ შეუძლიათ, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მოსთხოვონ, კანონმდებლებსა და საზოგადოებას, მათ შორის საჯარო მოსმენებზე, რეგულარულად მიაწოდონ ინფორმაცია სამომავლო გეგმების შესახებ.
უკრაინისთვის დახმარების განახლება
ტრამპმა უკრაინისთვის პირდაპირი ფინანსური და სამხედრო დახმარება დიდწილად შეაჩერა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი კანონმდებლების, როგორც „დემოკრატების“, ისე „რესპუბლიკელების“ მნიშვნელოვანი ნაწილი კიევის მხარდაჭერას ემხრობა. უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას ებრძვის.
ბოლო პერიოდში ტრამპმა კონგრესის წევრების, მათ შორის მრავალი „რესპუბლიკელის“, უკმაყოფილება გამოიწვია მას შემდეგ, რაც რუსულ დიზელზე სანქციები მოხსნა და რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს შეზღუდვები შეუმსუბუქა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან სანქციების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.
იანვრიდან, როდესაც დემოკრატები ორივე პალატაზე კონტროლს გადაიბარებენ, მათ შეეძლებათ განსაზღვრონ, რომელ კანონპროექტებს განიხილავს კონგრესი და როდის გაიტანენ მათ კენჭისყრაზე. ეს უკრაინისთვის ახალი დახმარების დამტკიცების შესაძლებლობას შექმნის. Reuters-ის შეფასებით, ასეთ ინიციატივას, სავარაუდოდ, ექნება ტრამპის ვეტოს დასაძლევად საჭირო ხმების ორი მესამედის მოპოვების შანსი. დემოკრატების თანაშემწეების განცხადებით, კიევის დახმარება მათი პრიორიტეტია.
„დემოკრატებს“ ასევე შეუძლიათ, ტრამპის ადმინისტრაციის სხვა გადაწყვეტილებებიც გააპროტესტონ. მაგალითად, ნიუ-იორკელი დემოკრატი კონგრესმენი გრეგორი მიქსი, რომელიც, სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდება, ორპარტიულ კანონპროექტს წარადგენს, რომელიც ტრამპის გეგმას - რუსული დიზელის გლობალურ ბაზარზე დაბრუნებას - დაბლოკავს.
ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა
ისრაელის მიმართ „დემოკრატების“ მხარდაჭერა მკვეთრად შემცირდა ღაზის სექტორში ქვეყნის მოქმედებების გამო, რომელსაც ათიათასობით პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ამასთან, უკმაყოფილების მიზეზებს შორისაა ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე ძალადობა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მჭიდრო კავშირი „რესპუბლიკელებთან“.
„დემოკრატებს“ შეუძლიათ, ისრაელისთვის სამხედრო დახმარება შეზღუდონ ან სრულად შეწყვიტონ. დახმარების საბაზისო მოცულობა წელიწადში 3,8 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა 2023 წლის 7 ოქტომბრის ჰამასის თავდასხმის შემდეგ, რასაც ღაზაში ისრაელის მასშტაბური სამხედრო კამპანია მოჰყვა, ქვეყანამ დამატებით მილიარდობით დოლარის დახმარება მიიღო.
ზაფხულში წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატების“ თითქმის ნახევარმა ისრაელისთვის დახმარების შეწყვეტას დაუჭირა მხარი. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ ინიციატივას არ დაეთანხმა, თუმცა ისრაელისთვის მძიმე ბომბების მსგავსი შეიარაღების მიწოდების შეზღუდვას მხარს უჭერდა. ერთ-ერთი მათგანია გრეგორი მიქსი.
სამხედრო ხარჯების შეზღუდვა და საგარეო დახმარების აღდგენა
ტრამპის „რესპუბლიკელებისგან“ განსხვავებით, „დემოკრატები“ სამხედრო ხარჯების შეზღუდვის მომხრენი არიან. წელს ტრამპმა თავდაცვის ბიუჯეტის უპრეცედენტოდ, 67%-ით გაზრდა, 1,5 ტრილიონ დოლარამდე, მოითხოვა. „დემოკრატებმა“ სენატში ეს ინიციატივა დაბლოკეს. ამის მიზეზებად მათ დაასახელეს ტრამპის უარი, ირანთან ომის საკითხზე კონგრესთან კონსულტაციები გაემართა, და სოციალური პროგრამების მკვეთრი შემცირება.
ტრამპმა ასევე შეაჩერა ან გააუქმა კონგრესის მიერ დამტკიცებული მილიარდობით დოლარის ოდენობის საგარეო დახმარება. ამ გადაწყვეტილებებმა ბევრი დემოკრატი გააღიზიანა და ისინი აცხადებენ, რომ დაფინანსების აღდგენას შეეცდებიან. წარსულში, მათ შორის ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, საგარეო დახმარებას როგორც „დემოკრატები“, ისე „რესპუბლიკელები“ მტკიცედ უჭერდნენ მხარს.
ლათინური ამერიკის პოლიტიკის მკაცრი კონტროლი
ბოლო წლების პრეზიდენტებთან შედარებით, ტრამპი დასავლეთ ნახევარსფეროში გაცილებით აგრესიულ პოლიტიკას ატარებს. ამ პოლიტიკის ფარგლებში აშშ-ის სამხედრო ძალებმა ვენესუელის პრეზიდენტი ხელისუფლებიდან ჩამოაცილეს, ხოლო ქვეყნის სანაპიროსთან მდებარე ნავებზე თავდასხმები წელიწადზე მეტია გრძელდება და მათ მსხვერპლი მოჰყვა.
ტრამპმა ასევე დააწესა სანქციები კუბის კომუნისტური მთავრობის წინააღმდეგ და ხელისუფლების შეცვლის იძულების მიზნით სამხედრო მოქმედებებითაც დაიმუქრა. ამასთან, აშშ-ის ადმინისტრაცია ჰონდურასის, არგენტინის, კოლუმბიისა და ბრაზილიის არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.
„დემოკრატების“ ნაწილმა ვენესუელასთან დაკავშირებით ტრამპის მოქმედებების გამოძიება და მოსმენების გამართვა მოითხოვა. სხვებმა დაგმეს კუბის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რომლებსაც ისინი მშვიდობიანი მოსახლეობის დასჯად მიიჩნევენ, და უცხო ქვეყნების არჩევნებში აშშ-ის ჩარევის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.





