Financial Times: აშშ-ის შუალედური არჩევნები ილონ მასკს თითქმის 30 მილიარდი დოლარი დაუჯდა
მსოფლიო

ილონ მასკი
ფოტო: Getty Images
ამერიკის შუალედური არჩევნები კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელს ილონ მასკს უკვე თითქმის 30 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
როგორც ჩანს, არჩევნების ღამეს, როდესაც არაერთმა პოლიტიკურმა ძალამ მარცხი განიცადა, ყველაზე დიდი დანაკარგი სწორედ მასკს ჰქონდა, წერს გამოცემა.
ოქტომბრის დასაწყისში Financial Times-მა დაწერა, რომ ილონ მასკი „რესპუბლიკელების“ ყველაზე მსხვილ დონორად იქცა და აშშ-ის მასშტაბით სხვადასხვა საარჩევნო კამპანიაში 275 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. თუმცა, ამერიკული პოლიტიკური შემოწირულებების აღრიცხვის მრავალსაფეხურიანი სისტემის გამო, შეფასებები განსხვავდება.
The Washington Post-ის მონაცემებით, მასკმა შუალედურ არჩევნებში 446 მილიონი დოლარი ჩადო, რათა კონგრესზე „რესპუბლიკური“ პარტიის კონტროლი შეენარჩუნებინა.
CBS-ის ინფორმაციით, რესპუბლიკელი სენატორების მხარდასაჭერად გაღებული შემოწირულებების თითქმის მთელი მოცულობა ტეხასის შტატს მოხმარდა, სადაც მილიარდერი ამჟამად ცხოვრობს. მასკის მიერ ქვეყნის მასშტაბით მოქმედ Senate Leadership Fund-ისთვის გადარიცხული პირველი 158 მილიონი დოლარის თითოეულ ტრანშს მეორე დღესვე იმავე ოდენობის თანხის გადარიცხვა მოჰყვა ტეხასის პოლიტიკურ სამოქმედო კომიტეტში, რომელიც „რესპუბლიკელების“ მხარდასაჭერ კამპანიებს აფინანსებდა.
Financial Times-ის ინფორმაციით, მასკის მიერ დაფუძნებულმა America PAC-მა დამატებით 47 მილიონი დოლარი გამოყო იმ პოლიტიკური კომიტეტებისთვის, რომლებიც „რესპუბლიკელ“ კანდიდატ კენ პაქსტონს უჭერდნენ მხარს. შესაბამისად, როგორც ჩანს, მასკმა ტეხასის სენატორის არჩევნებში გამარჯვებისთვის ყველა შესაძლო რესურსი გამოიყენა.
თუმცა, შედეგი მისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მასკი ტეხასში საქმიანობის გაფართოებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. 2021 წელს ის საცხოვრებლად კალიფორნიიდან ტეხასში გადავიდა, სადაც შტატის საშემოსავლო გადასახადი არ მოქმედებს. იმავე წელს Tesla-ს სათავო ოფისიც ტეხასში გადაიტანა, ხოლო 2024 წელს, მას შემდეგ, რაც აქციონერთა სარჩელის შედეგად მისი ანაზღაურების პაკეტი შეიზღუდა, კომპანიამ რეგისტრაციის შტატი დელავერიდან ტეხასში გადაიტანა. 2024 წელს მასკმა ასევე განაცხადა, რომ SpaceX-ის სათავო ოფისს ტეხასში გადაიტანდა, რაც მოგვიანებით განახორციელა კიდეც.
მართალია, მასკის ქონება კვლავ რამდენიმე ასეულ მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა საყურადღებოა, რომ ვაჭრობის დაწყებისას SpaceX-ისა და Tesla-ს აქციების ფასები მკვეთრად დაეცა. სტატიის მომზადების მომენტისთვის SpaceX-ის აქციები 3,5%-ით, ხოლო Tesla-ს აქციები 2,8%-ით იყო შემცირებული, მაშინ როდესაც აშშ-ის საფონდო ბაზრის ძირითადი ინდექსები, პირიქით, 1,6%-ით გაიზარდა, წერს გამოცემა.




