უკრაინამ რუსეთის რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
რუსეთის რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე გვიან ღამით დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აღნიშნული ობიექტი რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა.
ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობა. ისმის აფეთქებების ხმა.
რუსეთის ხელისუფლებას ქარხანაზე თავდასხმა ოფიციალურად არ დაუდასტურებია. მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია არც რიაზანის ოლქის გუბერნატორს პაველ მალკოვს.
სახელმწიფო კონტროლქვეშ მყოფი ნავთობკომპანია Rosneft-ის კუთვნილი რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წლიური სიმძლავრე დაახლოებით 17 მილიონი ტონა ნედლი ნავთობია. უკრაინიდან დაახლოებით 500 კილომეტრში მდებარე საწარმო ბენზინს, დიზელს, საავიაციო საწვავსა და სხვა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს.
ბოლო თვეებში ქარხანა უკრაინული დრონებით არაერთხელ გახდა თავდასხმის სამიზნე.




