The Telegraph: ევროკავშირი მელონის მთავრობას საკლასო ოთახებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობის შეზღუდვის გამო აფრთხილებს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
ბრიუსელმა იტალიის მთავრობა გააფრთხილა კანონის გამო, რომელიც საკლასო ოთახებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობას ზღუდავს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
ჯორჯია მელონის ხელმძღვანელობით მოქმედმა კონსერვატიულმა კოალიციამ დააწესა შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, თითოეულ საკლასო ოთახში იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც იტალიური ენა სათანადოდ არ იციან, 30%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ევროკომისიის განცხადებით, უწყება ახალ რეგულაციას სწავლობს, რადგან ის შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს.
„ევროკავშირის ხელშეკრულებები კრძალავს ეროვნების ნიშნით დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმას, იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა სოციალური უფლებების საკითხებში როქსანა მინძატუმ.
მისი განცხადებით, კომისია საკანონმდებლო ცვლილებებს ყურადღებით აკვირდება. ევროკავშირის კანონმდებლობით, ეროვნების ნიშნით დისკრიმინაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ ხელშეკრულება გამონაკლისს ითვალისწინებს, მაგალითად, საზოგადოებრივი წესრიგის, უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
მინძატუმ ეს განცხადება იტალიის მთავარი ოპოზიციური ძალის „დემოკრატიული“ პარტიის ევროპარლამენტარების შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.
„დემოკრატიული“ პარტიის განცხადებით, მიგრანტი ბავშვებისთვის დაწესებული კვოტა „არა მხოლოდ საღ აზრს, არამედ ევროპულ ხელშეკრულებებსაც ეწინააღმდეგება“.
ბრიუსელის შესაძლო ჩარევის პერსპექტივას მელონის კოალიციამ დაუყოვნებლივ უპასუხა.
„პრობლემა არ არსებობს და მთავრობა მოქმედებას ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გააგრძელებს“, - განაცხადა იტალიის განათლების მინისტრმა ჯუზეპე ვალდიტარამ.
მისი თქმით, განათლება ევროკავშირის ექსკლუზიურ კომპეტენციას არ განეკუთვნება. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კანონის მიზანი ინტეგრაციის ხელშეწყობაა და არა დისკრიმინაცია.
მისივე მტკიცებით, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ახლად ჩასული მიგრანტი ბავშვები ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ცალკე კლასებში სწავლობენ.
ბრიუსელი მელონის კოალიციაში შემავალმა კიდევ ერთმა პარტიამ, „ლიგამაც“ გააკრიტიკა.
პარტიის სენატორმა სტეფანია პუჩიარელიმ დაგმო ის, რასაც იტალიისა და მთავრობის ინიციატივების წინააღმდეგ „გაუმართლებელი ზეწოლა“ უწოდა.
„ლიგის“ დეპუტატმა ლუკა ტოკალინიმ კი განაცხადა: „ევროკავშირისგან ჭკუის დარიგებას არ მივიღებთ. ბრიუსელი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რიგითი მოქალაქეების რეალური პრობლემებისგან ძალიან შორსაა“.
როგორც გამოცემა იუწყება, მელონის მთავრობამ სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარებაც აკრძალა. წესის დარღვევის შემთხვევაში არასრულწლოვანი მოსწავლეების მშობლებისთვის ჯარიმა 1 000 ევრომდეა გათვალისწინებული.
მელონის განცხადებით, ახალი კანონების მიზანი იტალიის სკოლებში დახურული, იზოლირებული ჯგუფების ჩამოყალიბების თავიდან აცილებაა.
„ეს საღ აზრზე დაფუძნებული ზომებია, რომლებიც საზოგადოებას კი არ ყოფს, არამედ ხელს უწყობს რეალურ ინტეგრაციას, ხელს უშლის საკლასო ოთახებში გეტოების ჩამოყალიბებას და ყველა მოსწავლეს თანაბარ შესაძლებლობებს აძლევს“, - განაცხადა მან.
იტალიის სახელმწიფო სკოლებში, საბავშვო ბაღების გამოკლებით, დაახლოებით 6,2 მილიონი ბავშვი სწავლობს.
Reuters-ის მიერ განათლების სამინისტროს მონაცემების ანალიზის თანახმად, 2024-2025 სასწავლო წელს დაახლოებით 2 600 სკოლაში, რაც ქვეყნის სკოლების საერთო რაოდენობის 9%-ია, უცხოელი მოსწავლეების წილი 30%-ს აღემატებოდა.
თუმცა, ამ მოსწავლეების დაახლოებით 65% იტალიაში იყო დაბადებული და იტალიურად საუბრობდა, შესაბამისად, მათზე ახალი კვოტა არ გავრცელდება.




