ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა მასშტაბური პრევენციული შეწყალება გავრცელდეს ყველაზე, ვინც მის ადმინისტრაციაში მუშაობდა, თუკი „დემოკრატები“ შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას დაიწყებენ
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
GettyImages
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა პრევენციული შეწყალება თავისი ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელზე გაავრცელოს, თუკი „დემოკრატები“ შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას დაიწყებენ.
„საჭირო რომ გახდეს, აუცილებლად გავაკეთებ. რა თქმა უნდა“, - განუცხადა ტრამპმა New York Post-ის ჟურნალისტს, მირანდა დევაინს.
კითხვაზე, შეეხება თუ არა ეს გადაწყვეტილება ყველას, ვინც მასთან მუშაობდა, პრეზიდენტმა პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა: „გავაკეთებდი - მე ეს 6 იანვრის საქმეზეც გავაკეთე“.
საკუთარი ინიციატივის დასაბუთებისას ტრამპმა ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პრეცედენტზე მიუთითა, რომელმაც უფლებამოსილების ამოწურვისას შეიწყალა ენტონი ფაუჩი, გენერალი მარკ მილი, 6 იანვრის კომისიის წევრები და საკუთარი ოჯახის წევრები, მათ შორის ჰანტერ ბაიდენი.
„ბაიდენმა ზუსტად ასე იმოქმედა - მან ყველას შეწყალება უბოძა“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.





