კრემლი: უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის აღდგენა ამჟამად შეუძლებელია
მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი
Reuters
უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის აღდგენის შესახებ აშშ-ის ინიციატივის განხორციელება მოცემულ მომენტში შეუძლებელია. ამის შესახებ კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაკლებად სავარაუდოა. სინამდვილეში, ადგილზე არსებული ვითარება მოწმობს იმას, რომ ამჟამად ასეთი გეგმების განხორციელება შეუძლებელია“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ასე უპასუხა პესკოვმა კითხვას, არის თუ არა რუსეთი დაინტერესებული მომავალში ტრანზიტის განახლებით და უშვებს თუ არა მსგავს შესაძლებლობას.
მიუხედავად ამისა, კრემლის წარმომადგენელმა არ გამორიცხა, რომ მომავალში ვითარება შესაძლოა შეიცვალოს.
მანამდე გამოცემა The Wall Street Journal-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპაში რუსული გაზის ექსპორტის სწრაფი განახლების იდეას ემხრობა. ეს ინიციატივა მოსკოვში სექტემბერში გამართულ მოლაპარაკებებზე დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა წარადგინეს.





