Euronews: ბელგიის პრემიერმა ორშაბათს დილით სამეფო სასახლეში მეფე ფილიპს მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა, რაც ბიუჯეტის ირგვლივ გამართული მოლაპარაკებების ჩაშლას მოჰყვა
მსოფლიო

ბარტ დე ვევერი
AP
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა ორშაბათს დილით სამეფო სასახლეში მეფე ფილიპს მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა, რაც ბიუჯეტის ირგვლივ გამართული მოლაპარაკებების ჩაშლას მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
დე ვევერმა სამეფო სასახლე მეფე ფილიპთან დაახლოებით 1.5-საათიანი შეხვედრის შემდეგ დატოვა ისე, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მოსალოდნელია, რომ მეფე შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მაქსიმ პრევოს თქმით, „ზედმეტად ბევრი შეუთანხმებელი დეტალი დარჩა“. „ყველა პრობლემური პუნქტის ჩამოთვლას მარადისობა დასჭირდება“, - განუცხადა მან ბელგიურ მედიას.
ევროკავშირის საბიუჯეტო შეზღუდვების დასაკმაყოფილებლად, მთავრობამ 10 მილიარდი ევროს დაზოგვა უნდა უზრუნველყოს.
გასულ წელს ბიუჯეტის დეფიციტმა 5%-ს მიაღწია, რაც ევროპული რეგულაციებით დადგენილ 3%-იან მაქსიმუმს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
ამასთან, ბელგიის სახელმწიფო ვალი 735 მილიარდ ევროს გადასცდა, რაც ქვეყნის მშპ-ის 110%-ზე მეტია - იმ ფონზე, როდესაც ნებადართული ზღვარი 60%-ს შეადგენს.





