სასამართლომ ტრამპს BBC-ის საქმეზე ჩვენების მიცემა დაავალა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს BBC-ის წინააღმდეგ შეტანილი ცილისწამების სარჩელის ფარგლებში ფიცის ქვეშ კითხვებზე პასუხის გაცემა 11 დეკემბრამდე მოუწევს. შესაბამისი განკარგულება აშშ-ის მოსამართლემ გასცა და აღნიშნა, რომ ვადის დარღვევის შემთხვევაში პრეზიდენტს შესაძლოა სანქციები დაეკისროს, მათ შორის, უკიდურეს შემთხვევაში, სარჩელის განხილვა შეწყდეს, იუწყება BBC.
ტრამპი BBC-ის უჩივის გადაცემა Panorama-ს გამო, რომელშიც 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე თავდასხმამდე წარმოთქმული მისი სიტყვით გამოსვლის ორი სხვადასხვა მონაკვეთი ისე დაამონტაჟეს, რომ პრეზიდენტის განცხადების შინაარსი შეცვლილი სახით წარმოაჩინეს.
ტრამპმა 16 ოქტომბერს დაგეგმილ დაკითხვაში მონაწილეობაზე უარი თქვა და მიზეზად „ეროვნული მნიშვნელობის საკითხები“ დაასახელა. თუმცა BBC-ის ადვოკატმა ჩარლზ ტობინმა მაიამის სასამართლოში განაცხადა, რომ იმ დღეს ტრამპი ჯორჯიის შტატში საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა და კითხვებზე პასუხის გაცემას კამპანიაში მონაწილეობა ამჯობინა.
საქმე ამჟამად მტკიცებულებების მოპოვების ეტაპზეა, როდესაც მხარეები ერთმანეთს საქმესთან დაკავშირებულ შიდა და სხვა დოკუმენტებსა და მასალებს წარუდგენენ. ტობინის განცხადებით, ამ ეტაპის დასრულებამდე ორი თვეა დარჩენილი, თუმცა ტრამპი ჯერ არ დაკითხულა.
აშშ-ის მაგისტრატმა მოსამართლემ ენჟოლიკ ლეტმა დაადგინა, რომ ტრამპი 11 დეკემბრამდე უნდა დაიკითხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა სანქციები დაეკისროს. ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზომა სარჩელის შეწყვეტა შეიძლება იყოს, თუ მტკიცებულებების მოპოვების ეტაპი არ გახანგრძლივდება.





