მედია: ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე 11 დაშავდა
მსოფლიო

ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სულ მცირე 11 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებულებს შორის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელიცაა.
ხარკოვის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსეთის ძალებმა, სავარაუდოდ, იერიშის დროს „ბანდეროლის“ ტიპის 10 რაკეტა გამოიყენეს და სამიზნეში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ამოიღეს.
ქალაქის ხოლოდნოჰირსკის რაიონში დაიბომბა ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. შენობის ერთი მთლიანი ნაწილი განადგურდა. სინეგუბოვის ინფორმაციით, დაზიანდა ახლომდებარე სულ მცირე 10 კერძო სახლიც.
შევჩენკოვსკის რაიონში იერიში კიდევ ერთ ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა. შენობის პირველ სართულზე მდებარე ბანკში და ექვს ავტომობილში ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა ახლომდებარე სამი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრებიც.
სინეგუბოვის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. მათ შორისაა 19 წლის მამაკაცი, რომელიც დამწვრობის განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო მეორე მამაკაცს ოპერაცია უტარდება. კიდევ სამი დაშავებული, საშუალო სიმძიმის მდგომარეობით, საავადმყოფოში მოათავსეს.





