CBS News: კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაიღუპა 2 ადამიანი
მსოფლიო

ფოტო: abc7news.com
აშშ-ის კალიფორნიის შტატში, პეტალუმის მუნიციპალურ აეროპორტთან მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
თვითმფრინავი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, Rooster Run-ის გოლფის მოედანზე ჩამოვარდა. აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის წინასწარი ინფორმაციით, ერთძრავიანი, თვითნაკეთი Van's RV-7A, რომლის ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.
პეტალუმის პოლიციის ლეიტენანტ ზილვერიო რივერას განცხადებით, ადგილზე მისულ მაშველებს თვითმფრინავი მთლიანად ცეცხლის ალში გახვეული დახვდათ.
„სახანძრო სამსახურის თანამშრომლების მისვლიდან დაახლოებით სამი წუთის შემდეგ ხანძარი ჩააქრეს. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ თვითმფრინავში ორი გარდაცვლილი აღმოვაჩინეთ“, – განაცხადა რივერამ.
დაღუპულთა ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარის მიზეზებს აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო იძიებენ.





