კვლევა: უკრაინაში 75% რუსეთთან ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 75% მზად არის რუსეთთან ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები უკვე ახლა დაიწყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი რუსეთთან დათმობის პოლიტიკას მხარს უჭერენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კვლევაში მონაწილე ადამიანებს ჰკითხეს, უჭერენ თუ არა ისინი მხარს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას ომის დასრულების მიზნით. 75%-მა განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, 21% წინააღმდეგი იყო, ხოლო 4%-ს პასუხი არ ჰქონდა.
KIIS-ის განცხადებით, შედეგები თითქმის არ შეცვლილა 2025 წლის თებერვალთან შედარებით. მაშინ მოლაპარაკებების დაწყებას 74% უჭერდა მხარს, 19% წინააღმდეგი იყო, ხოლო 7% გადაწყვეტილებას ვერ იღებდა.
სოციოლოგები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს იმას, რომ კვლევის კითხვა მხოლოდ მოლაპარაკებების დაწყებას ეხებოდა და არ ითვალისწინებდა იმას, მზად არიან თუ არა უკრაინელები რუსეთის სასარგებლოდ რაიმე დათმობაზე წავიდნენ. შესაბამისად, KIIS-ის შეფასებით, შედეგების რუსეთისთვის დათმობების მხარდაჭერად ინტერპრეტირება არასწორი იქნება.
KIIS-ის აღმასრულებელი დირექტორის, ანტონ გრუშეცკის განცხადებით, უკრაინელები კვლავ ინარჩუნებენ წინააღმდეგობის გაგრძელების მზაობას, თუმცა ამავდროულად მზად არიან რთული კომპრომისებისთვის, თუკი ეს მისაღები მშვიდობის მიღწევას შეუწყობს ხელს.
მისივე თქმით, ასეთი კომპრომისები არ უნდა გადაიზარდოს ცალმხრივ დათმობებში და არ უნდა ნიშნავდეს უკრაინის კაპიტულაციას.
კვლევა 12-21 სექტემბერს ჩატარდა. სატელეფონო გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებმა 18 წლის და უფროსი ასაკის 1 002 მოქალაქემ. კვლევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინელები და 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ქვეყნიდან წასული მოქალაქეები არ მონაწილეობდნენ. ამასთან, გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები.
KIIS-ის ცნობით, კვლევის სტატისტიკური ცდომილება, ჩვეულებრივ პირობებში, 95%-იანი სანდოობის დონეზე, დაახლოებით 4,1 პროცენტულ პუნქტს არ აღემატება იმ მაჩვენებლებისთვის, რომლებიც 50%-თან ახლოსაა. თუმცა, ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ ომის პირობებში შესაძლოა დამატებითი სისტემური გადახრებიც არსებობდეს.





