Bloomberg: ევროკავშირი ჩინური ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე ლიმიტის დაწესებას განიხილავს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
ევროკავშირი ჩინეთთან სავაჭრო დისბალანსის შემცირების მიზნით ჩინეთში წარმოებული ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე დროებითი შეზღუდვის დაწესებას განიხილავს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ევროკომისია შესაძლოა იმპორტზე ლიმიტი დააწესოს მას შემდეგ, რაც ჩინური ჰიბრიდების გაყიდვები ევროპულ ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა.
ჩინური წარმოების ჰიბრიდული ავტომობილები ამჟამად ევროპის ბაზარზე გაყიდული ყველა ჰიბრიდის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს. ამასთან, ჩინეთიდან ელექტრომობილების იმპორტის ზრდა შენელდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მათზე მაღალი ტარიფები დააწესა.
ევროკავშირის ე.წ. დამცავი ზომები ბლოკს საშუალებას აძლევს, კონკრეტული სექტორიდან პროდუქციის იმპორტი შეზღუდოს, თუ იმპორტის მკვეთრი ზრდა ადგილობრივ მწარმოებლებს საფრთხეს უქმნის. ერთ-ერთი შესაძლო მექანიზმია სატარიფო კვოტა, რომლის ფარგლებშიც გარკვეული მოცულობის იმპორტი დაშვებული იქნება, ხოლო დადგენილ ზღვარს ზემოთ შემოტანილ პროდუქციაზე დამატებითი გადასახადი დაწესდება.
Bloomberg-ის ცნობით, ევროკომისიის მიერ განხილული შეზღუდვა დროებითი იქნება.
ევროკომისია ჰიბრიდული ავტომობილების სექტორს ამ მექანიზმის საცდელ შემთხვევად განიხილავს. თუ ეს მიდგომა წარმატებული აღმოჩნდა, ევროკავშირმა შესაძლოა იგივე ინსტრუმენტი სხვა სექტორებზეც გამოიყენოს, სადაც ჩინეთთან სავაჭრო დისბალანსს ხედავს.
ევროკავშირის ვაჭრობის საკითხებში კომისარი მაროშ შეფჩოვიჩი ამ კვირის ბოლოს ჩინეთში გაემგზავრება და ჩინეთის ვაჭრობის მინისტრ ვან ვენტაოს შეხვდება. Bloomberg-ის წყაროების ინფორმაციით, ევროკავშირის გეგმები შესაძლოა ამ შეხვედრების შედეგების მიხედვით შეიცვალოს.
ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება, ჰიბრიდულ ავტომობილებზე დაწესებული ლიმიტი იმდენად დაბალი არ იყოს, რომ პეკინის მხრიდან საპასუხო ზომები გამოიწვიოს, აცხადებენ წყაროები.
ევროკავშირის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან დღეში 1 მილიარდ ევროს აღემატება. ბრიუსელი ცდილობს, გაამკაცროს სავაჭრო პოლიტიკა და დაიცვას ევროპული სექტორები, რომლებიც, მისი შეფასებით, ჩინეთიდან იმპორტის ზრდის შედეგად ზეწოლის ქვეშ ექცევიან.





